სემეკ-ში ვარაუდობენ, რომ „თელასის“ აბონენტებისთვის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის

სემეკ-ში ვარაუდობენ, რომ კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის 2017 წლის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

როგორც  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, „თელასმა“ სემეკ-ში სატარიფო განაცხადი შეიტანა, რადგან კომპანიის მოქმედი ტარიფი დადგენილია ამა წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„კომპანიამ შემოიტანა სატარიფო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია. შესაბამისი დეპარტამენტები მის ანალიზს ახდენენ. ტრენდი მაინცდამაინც არ იძლევა იმის საშუალებას, ზუსტად ვთქვათ, თუ რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ტარიფი გაიზრდება. საბოლოო პასუხს ახლა ვერ გეტყვით, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ამის თქმის საფუძველს ჯერ არაფერი იძლევა. ვნახოთ, როცა დავითვლით და დეტალებში შევალთ, ამის შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი“, - განაცხადა გოჩა შონიამ.

მისივე თქმით, ის ტარიფი, რომელსაც სემეკი „თელასს“ დაუდგენს, 2017 წლის იანვრიდან შევა ძალაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „თელასისთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 2 დეკემბერი, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად კი 2016 წლის 31 დეკემბერი.