საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგია უფასოდ დაინერგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft-ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და Microsoft-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მემორანდუმის მიხედვით, Microsoft-ი 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს. ხელშეკრულება ასევე მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის ქსელთან ერთად, მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში Microsoft-ის სათამაშო-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, მარტივი პროგრამირების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას, ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სივრცის შექმნასა და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას.

ხაზი გაესვა თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სალიცენზიო შეთანხმება, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის ლიცენზირებულ პროდუქციას იყენებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft-ს განათლებისა და ინოვაციების სფეროს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.