მზიურის კაფეში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მენიუ შემოიღეს

კაფე, სადაც ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მენიუ უსინათლო ადამიანებს მისი დამოუკიდებლად წაკითხვის შესაძლებლობას აძლევს, მზიურის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტის იდეის ავტორი ფოტოგრაფი ანა გოგუაძეა, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კაფე „ახალი მზიურის“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

როგორც გოგუაძე აღნიშნავს, ეს არის პირველი კაფე, სადაც მენიუს წაკითხვა ბრაილითაც შესაძლებელია. მისი ცნობით, ჯერ მხოლოდ ასე დაბეჭდილი მენიუს ერთი ეგზემპლარი აქვთ, თუმცა უახლოს პერიოდში კიდევ რამდენიმეს დაბეჭდავენ.

„11 წელია რაც მზიურის გარშემო ვმუშაობ, რადგან განსაკუთრებით მიყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. წლების წინ აქ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო, ვიდრე ახლა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე ისეთი პროექტის გაკეთება, რომელიც ამ ტერიტორიას გამოაცოცხლებდა. ასე დამებადა „მზის ფესტივალის“ იდეა, რომელიც უკვე მეათე წელია ყოველწლიურად იმართება. შემდეგ გადავწყვიტე, რომ განვითარება იყო საჭირო და ამ ტერიტორიაზე კაფის გახსნა გადავწყვიტე,“- ამბობს გოგუაძე.

- როდის დაიწყეთ „მზიურის კაფის“ პროექტზე მუშაობა?

- ამ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყე. მაშინ ერთ-ერთი მიზანი იყო ეს ერთი პატარა კაფე გამხდარიყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სივრცე ყველასთვის. გვინდოდა შეგვექმნა ინკლუზიური გარემო, რომელიც კომფორტული იქნებოდა როგორც ბავშვისთვის და ზრდასრულებისთვის, ისე უსინათლოებისთვის, ეტლით მოსარგებლეებისთვის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანისთვის და ა.შ.

- რამდენად სრულყოფილად არის ეს კაფე მორგებული შშმ პირების საჭიროებაზე?

- თანამშრომლებმა სპეციალური ტრეინინგები გაიარეს, რათა სრულფასოვნად მოემსახურონ კაფეში შემოსულ ყველა სტუმარს. ბევრი დეტალია ამ დროს გასათვალისწინებელი, მათ შორის როგორ უნდა გავუღოთ კარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, სწორად შევურჩიოთ ადგილი კაფეში და ა.შ. ბრაილის შრიფტით მენიუს შეთავაზება თავიდანვე გვქონდა პროექტში, თუმცა ახლა გვინდა მცირე მხედველობის მქონე პირებისთვის სპეციალური მანიშნებლები დავამატოთ კიბეებზე, ვგეგმავთ საპირფარეშოში ბავშვის გამოსაცვლელი (დასაწვენი) მაგიდის დამონტაჟებასაც, რომ ჩვენი კაფე დედებისთვისაც კომფორტული გახდეს. კაფეში ამ ეტაპზე ერთი სმენადაქვეითებული თანამშრომელიც გვყავს დასაქმებული.

- კიდევ გეგმავთ, შშმ პირის დასაქმებას კაფეში?

- ამ ადამიანების დასაქმება რეალურად პრობლემაა, თუმცა არ გვინდა, რომ კაფე მხოლოდ ვიღაცაზე ორიენტირებული იყოს. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ ეს სივრცე ყველასთვის კომფორტული იყოს და ყველას შეეძლოს აქ სტუმრობა.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- ვიწყებთ ახალ პროექტს - ზამთარი მზიურში, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს. ამისთვის რამდენიმე ცნობადი სახეც დაგვიდგა გვერდით. მაგალითად, გიორგი კეკელიძემ გადაწყვიტა თავისი წიგნის „გურული დღიურების“ ახალი კრებულის პრეზენტაცია ჩვენს კაფეში გამართოს 26 ნოემბერს, ამასთან, გვექნება ლექციები, სემინარები, შეხვედრები მწერლებთან და არაერთ საინტერესო ადამიანთან. გვინდა ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამაც შევიმუშავოთ.

იხილეთ ფოტოები

თაია არდოტელი