დავით ნარმანია - თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში რაიმე პრობლემას არ ველოდებით

თბილისის წლევანდელი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არ ველოდებით, რომ რაიმე პრობლემა იყოს , - ამის შესახებ  თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რითაც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ზაზა ვეკუას განცხადებას - თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით საგადასახადო ნაწილში 18 მილიონი ლარის გარღვევაზე, გამოეხმაურა.

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საბიუჯეტო შემოსავლებში პრობლემა არ არის. მისივე თქმით, საგადასახადო შემოსავლები, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს, ნორმალური მოცულობით ირიცხება ბიუჯეტში ისევე, როგორც პრივატიზაციიდან და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები, რომელთა მობილიზებაზეც მერია არის პასუხისმგებელი.

”67 მილიონი ლარი გვაქვს ჩვენ ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლების სახით, საიდანაც 60 მილიონამდე უკვე მობილიზებული გვაქვს, 7 მილიონი ლარიც ამ ორი თვის განმავლობაში იქნება მობილიზებული. ასე რომ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არ ველოდებით, რომ რაიმე პრობლემები იყოს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარის ზაზა ვეკუას განცხადებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგების მიხედვით, საგადასახადო გარღვევა 18 მლნ ლარს შეადგენს.

მისივე თქმით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის 6 თვის მონაცემების მიხედვით კი, 26 მილიონი ლარით მეტი იყო ამოღებული, რაც ძალიან კარგი იყო. შედეგად მხოლოდ მესამე კვარტალში 44 მლნ ლარით ნაკლებია შემოსული.

„ეს ალბათ, დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობისგან უნდა მოვისმინოთ, თუ რამ გამოიწვია ჯამში 44 მილიონის ვარდნა. ზოგადად, აქ შეიძლება ორი რამ აღინიშნოს, არასწორად იყო ბიუჯეტი დაგეგმილი ან დედაქალაქის მერიამ ადმინისტრირება ვერ მოახდინა. თუმცა, ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო პერიოდი იყო და ამ სამი თვის განმავლობაში ადმინისტრირება ისე არ ხდებოდა. დედაქალაქის მერიას კიდევ სამი თვე აქვს, რომ ეს გამოასწოროს“, - აღნიშნა ზაზა ვეკუამ.