"თაბორის მთაზე შემდგომი განაშენიანების პროექტის განხილვა საჯარო იქნება"

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თაბორის მთაზე შემდგომი განაშენიანების პროექტის განხილვა საჯარო იქნება.

როგორც  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ინვესტორის მიერ თბილისის მერიაში ჯერ თაბორის მთის შემდგომი განაშენიანების პროექტი წარმოდგენილი არ არის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განხილვა მოხდება დადგენილი წესით. მას შემდეგ, რაც შემდგომი განაშენიანების კონკრეტული პროექტი მომზადდება. პროექტი მომზადების სტადიაზეა. მანამდე საკრებულოში დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, ანუ ჩარჩო დოკუმენტი. ის, თუ როგორ გამწვანდება მომავალში ეს ტერიტორია, სად იქნება გოლფის მოედანი, სად დაირგვება ხეები, ბუჩქები, დეკორატიული მცენარეები, ამას გვიჩვენებს ის დენდროლოგიური პროექტი, რომელსაც ინვესტორი დედაქალაქის მერიაში წარადგენს. ასე რომ, მას შემდეგ, რაც პროექტი იქნება წარმოდგენილი, პროექტს დადგენილი წესით განვიხილავთ და განხილვის პროცესი საჯარო იქნება. ინფორმაცია მიეწოდება დაინტერესებულ საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის, კერძოდ, გოლფის სათამაშო მოედნების, ხელოვნური ტბის, ღია სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, გოლფ კლუბის და სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი თბილისის საკრებულომ 1-ელი ნოემბერს სხდომაზე დაამტკიცა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ პროექტი სათანადოდ მომზადებული არ იყო.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე და თაბორის მთის კალთაზე აღნიშნული პროექტის განხორციელებას კომპანია „თაბორი რიზორთსი“ გეგმავს, რისთვისაც 5 მლნ დოლარი დაიხარჯება.

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის შეფასებით კი, საკრებულოს უმრავლესობამ ძალიან სწრაფად, მოუმზადებლად, არასრულყოფილი დოკუმენტაციის პირობებში დაამტკიცა ბოტანიკული ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე და იქ მიმდებარედ არსებულ 300 000 კვ/მ ფართობზე განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე ათასობით ხის მოჭრას გულისხმობს.

ოპოზიციის საპასუხოდ განცხადება გააკეთა საქართველოს "თანაინვესტირების ფონდის" მმართველმა დირექტორმა ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში ცოტნე ებრალიძემ. მისი განცხადებით, ტერიტორიაზე ხე-ნარგავების შესწავლისას გამოვლინდა, რომ 11 669 ხიდან მხოლოდ 3 500 ხეა საღი. განაშენიანება აღნიშნული ტერიტორიის მხოლოდ 2%-ზეა გათვალისწინებული. დანარჩენზე იქნება გოლფის მოედნები, სპორტული მოედნები, მწვანე ზონები, სასეირნო ბილკები და სხვა.