ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოღვაწე ექსპერტებმა ბაზრის ციფრული კვლევის სრულიად ახალი მოდელი შეიმუშავეს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოღვაწე ექსპერტებმა ბაზრის ციფრული კვლევის სრულიად ახალი მოდელი შეიმუშავეს.

ელექტრონული კვლევის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. პრეზენტაციას ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მოდელი მორგებულია მსხვილი და მცირე ბიზნესის ინტერესებზე და ბაზრის ელექტრონულ კველევას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა, ბიზნეს სექტორმა 7 დღის განმავლობაში 24 - საათიან რეჟიმში სწრაფად, ეფექტურად, ხარისხიანად და შედარებით ნაკლები ბიუჯეტით მიიღოს ბაზრის სრული და ხარისხიანი ანალიზი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროდუქტის ,,24/7’’-ზე მიზანია, ბიზნესს შესთავაზოს მისთვის საინტერესო ბაზრის მონიტორინგი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ბაზრის ელექტრონული კვლევის ინოვაციური მოდელი საშუალებას იძლევა, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ელექტრონული და სოციალური არხების გამოყენებით კვლევა განხორციელდეს ონლიანრეჟიმში.

,,სილიკონ ველი თბილისის'' ამ სტარტაპით Hewlett Packard დაინტერესდა. Hewlett Packard-ის წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტი გაფართოვდება და ,,სილიკონ ველი თბილისის'' სივრცეში ერთობლივი კვლევითი ლაბორატორია მოეწყობა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს სრულიად განსხვავებული, ინოვაციური კვლევების მეთოდს ციფრული ტექნოლოგიებით.

”დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გვაქვს, რომელიც გულისხმობს სრულიად განსხვავებული, ინოვაციური კვლევების მეთოდს ციფრული ტექნოლოგიებით. ეს სრულიად განსხვავებული მეთოდია იმით, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან ხარჯთეფექტურად შეუძლია ონლაინ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში კვლევითი მონაცემების მიღება”, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

,,სილიკონ ველი თბილისის’’ პირველი ინოვაციური პროდუქტით მომსახურების მიღება დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებს თუ კერძო პირებს უკვე შეუძლიათ.

,,სილკონ ველი თბილისში’’ შემუშავებული ელექტრონული კვლევის კიდევ ერთი უპირატესობა უცხოეთის ბაზრის შესწავლაა. საზღვარგარეთ ოპერირებად ბიზნესკომპანიებს, რომლებსაც საქართველოდან პროდუქცია ან მომსახურება ექსპორტზე გააქვთ, ეძლევად უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოდანვე შეისწავლონ კონკრეტული ქვეყნის ბაზარი და მიიღონ სრულყოფილი და ხარისხიანი ინფორმაცია ელექტრონული კვლევის საშუალებით, რაც ბიზნესისთვის გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში შემუშავებული ელექტრონული კვლევის ,,24/’’7-ის კიდევ ერთი უპირატესობა არის კვლევის მობილური აპლიკაცია. ელექტრონული კვლევის დამკვეთს ამ მობილური აპლიკაციით საშუალება ექნება კვლევის მიმდინარეობის პროცესს, 7 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში, მონიტორინგი მობილური ტელეფონით გაუწიოს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის, ნინო ენუქიძის თქმით, პროექტი ბიზნესის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს სივრცეში განხორციელდა. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის პირველი სტარტაპი, რომლითაც დაინტერესდა კომპანია HP და ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს პროექტი ზუსტად ჩვენთან ხორციელდება. ბიზნესის მიმართულებით ეს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს”, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.