ელექტრომობილების დამტენი სადგურები გაიხსნა

თბილისში ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან დამონტაჟებულ ელექტრომობილების დამტენ სადგურებზე მანქანის დამუხტვა 2017 წლის ბოლომდე უფასო იქნება. დღეს ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და კომპანია “E-Space”-ის წარმომადგენლებმა გახსნეს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია “E-Space”-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან კომპანია “E-Space”-სს ტერიტორია უსასყიდლოდ გადასცა.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობა კომპანია „სითი პარკთანაც“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ქალაქში ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო გახდეს.

„ამ დროისთვის თბილისში 50-მდე ელექტრომობილია, რომლის მფლობელებსაც აქვთ საშუალება ყოველგვარი საფასურის გარეშე მოახდინონ საკუთარი მანქანების დამუხტვა. თბილისის მერია მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიის ინიციატივით განხორციელდა. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ინიციატივას, რადგანაც თბილისის მომავალი არის უკეთესი გარემო. უკეთესი გარემოს მიღწევის კუთხით ყველანაირ მასტიმულირებელ მექანიზმს დავუჭერთ მხარს, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.

„უახლოეს პერიოდში თბილისში იგეგმება 100-მდე მსგავსი ტიპის სადგურის მოწყობა. ჩვენ ამაში კომპანიას მხარს დავუჭერთ. მომავალში თბილისის მერია ასევე იფიქრებს, საკუთარ ავტოპარკში ელექტრომობილების აქტიურ ჩანაცვლებაზე“, -განაცხადა ლექვინაძემ.

კომპანია “E-Space”-ის გენერალური დირექტორის სულხან გვალიას განცხადებით, წლის ბოლომდე თბილისში კიდევ იგეგმება ელექტრომობილის 25 დამტენი სადგურის გახსნა.

„აღნიშნული სადგურები მანქანას საშუალოდ 2 საათში დამუხტავს, თუმცა გააჩნია ელექტრომობილის სიმძლავრეს. დამუხტვა უფასო იქნება შემდგომი წლის ბოლომდე. მინდა მადლობა გადავუხადო მერიას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა“, - განაცხადა სულხან გვალიამ.