პოლონეთში შესაძლოა 1000 დოლარი გადაუხადონ ქალებს, რომლებიც შვილს გაუპატიურების შემდეგ გააჩენენ

პოლონური პარტია „უფლება და სამართლიანობა“ ინიციატივით გამოვიდა, მთავრობამ 4 ათასი ზლოტი (დაახლოებით 1000 დოლარი) გადაუხადოს ქალებს, რომლებიც გაუპატიურების შედეგად ბავშვს გააჩენენ.

პარტიის დეპუტატის პეტრ უშჩინსკის განცხადებით, ფინანსურ დახმარებას იმსახურებენ არა მხოლოდ ქალები, რომლებიც მარტოხელა დედები და შშმ ბავშვების მშობლები არიან, არამედ ქალები, რომლებიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდნენ და ამ გზით ჩასახულიბავშვი გააჩინეს.

თუმცა, კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“. პარტიის წარმომადგენლის მაგდალენა კოხანის განცხადებით, კანონში ამ ცვლილების შეტანა საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს.

პოლონეთში ნებაყოფლობითი აბორტი 20 წელია აკრძალულია. ორსულობის შეწყვეტა დაშვებულია მხოლოდ სამი მიზეზით - როცა საფრთხე ემუქრება დედის სიცოცხლეს, ნაყოფს აქვს პრობლემა და გაუპატიურების შემთხვევაში.