სახლი თუ სარკოფაგი - ტოქსიკური სამშენებლო მასალები?!

ბინაში რემონტის გამო სამშენებლო და სარემონტო მასალებით მოვაჭრე მაღაზიების ხშირი სტუმარი გავხდი და ამ ბიზნესში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ შევიტყვე. გამოცდილი და კეთილი ადამიანების რჩევით აღმოვაჩინე, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალების მიხედვით შეგიძლიათ მოიწყოთ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი, ან მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილი სარკოფაგი.

ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობს, ერთხანს თურქული პროდუქცია შემოჰქონდათ. შესაბამისად, ოფისიც იმით გაარემონტეს, რასაც ყიდდნენ. მალე მომსახურე პერსონალს ერთი და იმავე ტიპის სიმპტომები დაეწყო, დაეჭვდნენ, რომ ყველა ერთნაირი ნივთიერებით იწამლებოდა. საკვები გამოირიცხა, რადგან ხალხი ოფისის გარეთ, სხვადასხვა დაწესებულებაში სადილობდა. კომპანიის ხელმძღვანელმა ეჭვი სარემონტო მასალებზე მიიტანა. ინსტრუქციის კარგად შესწავლის შემდეგ ამოიკითხა, რომ ლამინატის დამზადებაში გამოყენებული წებოს შემადგენლობაში რამდენიმე ნივთიერების მაღალი დოზით არსებობის გამო, შენობა, სადაც ამ მასალას დააგებდნენ, 24 საათის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განიავებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოსო. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ლამინატისა და მეტალოპლასტმასის ნიმუშები ევროპის ორი ქვეყნის ლაბორატორიაში გაგზავნეს შესამოწმებლად (ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს) და პასუხად მიიღეს, რომ მასალები მომწამვლელი ნივთიერების, მათ შორის კანცეროგენული, ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ნივთიერებებით იყო გაჯერებული.

"რაც გინდა, აკეთე..."

რამაზ ღვინეფაძე, მშენებლობის ექსპერტი: "სანამ სახელმწიფოს არ ექნება სტანდარტი და ლაბორატორიები, სადაც სამშენებლო და სარემონტო მასალების ხარისხი შემოწმდება, შედეგი ვერ გვექნება. მე თუ ვიტყვი უარს უხარისხო პროდუქციაზე, სხვა შემოიტანს. ევროპაში კლასებად არის დაყოფილი მასალები, რა შეიძლება სახლში გამოიყენო და რა - არა. ჩვენთან არავინ ცნობს არც სტანდარტებს, არც კლასებს. მოქმედებს პრინციპი - რაც გინდა, აკეთე, ოღონდ გადასახადები გადაიხადე, იმას კი არავინ ითვლის, რას ხარჯავს სახელმწიფო სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის, მომწამვლელი ავეჯის, საკვების, სამშენებლო მასალების შედეგად დასნებოვნებული ადამიანების განკურნებისთვის".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 7 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად