რა ქონების მფლობელია საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერი არჩილ თალაკვაძე

მე-9 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილე.

თალაკვაძის ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 2 ოქტომბერს აქვს შევსებული, 2014 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თალაკვაძის შემოსავალმა 98 619.89 ლარი შეადგინა. აქედან 89 495.21 ლარი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის, ხოლო 9 124.68 ლარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების პერიოდში, თალაკვაძეს სახელფასო ანგარიშზე 7 080.67 ლარი, ხოლო საკრედიტოზე 148.67 ლარი ჰქონდა.

უძრავი ქონების სახით კი, საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერის საკუთრებაშია 109.90 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ნუცუბიძის მესამე მიკრო-რაიონში.

დეკლარაციის მიხედვით, მას ეკუთვნის ასევე მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley Davidson XL1200N Nightster.

არჩილ თალაკვაძის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე სესხიც. კერძოდ, „თიბისი“ ბანკის იპოთეკური სესხი 72 000 დოლარის ოდენობით, რომლის გასავალმაც 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 10 037.96 დოლარი შეადგინა; 5 100 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი და 10 410 ლარიანი საკრედიტო ბარათი, რომლის შედეგადაც 2014 წლის გასავალმა 10 200 ლარი შეადგინა.

არჩილ თალაკვაძეს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის შევსების დროს, მისი მეუღლის ქეთევან ბუბუტეიშვილის ანგარიშზე არანაირი ქონება არ არის რეგისტრირებული.