პოლიტიკური რეკლამა ინტერნეტში ინაცვლებს

აშშ-ში წინასაარჩევნო რბოლამ და დიდი ბრიტანეთში ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის შესახებ ჩატარებულმა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ პოლიტიკური რეკლამა ბეჭდური მედიიდან და ტელევიზიიდან ინტერნეტში ინაცვლებს.

ექსპერტთა განცხადებით, ონლაინ მედია აუდიტორიასთან ურთიერთობის გაცილებით უკეთესი ინსტრუმენტია, ვიდრე ტრადიციული რეკლამა.

Financial Times-ის ცნობით, როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება, ტრადიციული რეკლამების - ბილბორდების, საგაზეთო სტატიებისა და სატელევიზიო რგოლების ერა წარსულს ბარდება. აშშ-ში ყოველი საპრეზიდენტო არჩევნები ხმაურიანი სარეკლამო კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა 2016 წელს რეალობა შეიცვალა.

პირველად ათწლეულების შემდეგ კომპანა Kantar Media-მ საარჩევნო კამპანიის დანახარჯების პროგნოზი 4,4 მილიარდი დოლარიდან 3,65 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.

კომპანიის მონაცემებით, ამ დროისთვის დონალდ ტრამპს სარეკლამო კამპანიაში დაახლოებით 79 მილიონი დოლარი აქვს დახარული. თუმცა კომპანია ვარაუდობს, რომ საბოლოო შედეგების შემდეგ თანხა გაცილებით მეტი იქნება. ამავე პერიოდში ჰილარის კლინტონის შტაბმა სარეკლამო მიზნებისთვის დაახლოებით 325 მილიონი დოლარი დახარჯა.

"ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამამ ინტერნეტ რეკლამაზე 52 006 072 დოლარი დახარჯა. მისმა ოპონენტმა მით რომნიმ - 26 230 293 დოლარი. "შედარებისთვის - ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტის აგებაზე 28 400 000 დოლარი დაიხარჯა, ლინკოლნის მემორიალზე კი 40 500 000 დოლარი", - წერს "ბიზნეს ინსაიდერი".

აშშ-ის გლობალური სტრატეგიული ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯული ჰუტკინი ამბობს, რომ ტელევიზია კარგი მექანიზმია კანდიდატების გასაცნობად, თუმცა ინტერნეტი ეხმარება ამომრჩეველს კანდიდატების უკეთესად შესწავლაში და იმ დანაკლისის შესავსებად, რაც მათ ტელევიზიით ვერ ნახეს. ამის გათვალისწინებით, ინტერნეტ რეკლამა საუკეთესო საშუალებაა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის სხვადასხვა აუდიტორიას სხვადასხვა მესიჯი მიაწოდონ.ჯული ჰუტკინის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს ასევე დიდ როლს თამაშობს ინტერნეტ ვიდეორეკლამაც, რომელიც დამზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებმა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადაწყვიტეს, ბიუჯეტის 30-40% ინტერნეტ რეკლამაზე მიემართათ, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სულ უფრო ნაკლებად უყურებს ტელევიზორს. e-Marketer მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, ადამიანები 40-ით მეტ დროს ატარებენ ონლაინ, ვიდრე ტელეეკრანების წინ.

სპეციალისტთა განმარტებით, პოლიტიკოსების სარეკლამო კამპანიის ინტერნეტისკენ წარმართვა ელექტრორატის გარკვეულ ნაწილთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებით იყო გამოწვეული - 18-დან 32 წლამდე ასაკის ამერიკელები პრაქტიკულად აღარ უყურებენ ტელევიზორს და აღარ კითხულობენ გაზეთებს, სამაგიეროდ ისინი დღის დიდ მონაკვეთს ინტერნეტში ატარებენ, სადაც ეცნობიან ონლაინგამოცემებს. 1960-70-იან წლებში დაბადებული ადამიანები კვლავინდებურად მიჩვეული არიან, რომ კონკრეტულ საათზე მიუსხდნენ ტელეეკრანებს და უყურონ საინფორმაციო გამოშვებას. თუმცა, ახალგაზრდები მკვეთრად განსხვავდებიან მშობლებისგან.

სპეციალისტთა განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, შეიქმნას სარეკლამო კამპანია, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად მოხვდება სამიზნე აუდიტორიას. მაგალითად, ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელიც ინტერნეტში რომელიმე საიტზე შევა, კლინტონის გუნდის ბანერს დაინახავს, რომელზეც ტრამპის ციტატა იქნება გამოტანილი, სადაც ის ასევე ვიეტნამის ვეტერანს, რეპუბლიკელ ჯონ მაკკეინს ლანძღავს.

ტელეაუდიტორიისთვის კი მზადდება ე.წ. „პირდაპირი“ ვიდეორგოლები, რომელიც გათვლილია მაყურებლის სხვადასხვა კატეგორიაზე, იქნება ეს ტრამპის მხარდამჭერი მამაკაცი თუ კლინტონის მხარდამჭერი შუახნის ქალბატონი.

„ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად პირადი ურთიერთობა გქონდეს შენს ამომრჩეველთან“, - აღნიშნავს ჯული ჰუტკინი.

მსგავსი ვითარება იყო დიდი ბრიტანეთშიც. ევროკავშირში დარჩენის მომხრეებმა რამდენიმე სარეკლამო კომპანია დაიქირავეს მაშინ, როდესაც ევროკავშირიდან გამოსვლის მხარდამჭერებმა სარეკლამო კამპანია ერთადერთ ადამიანს - 25 წლის რეჟისორს ალექს ტომპსონს მიანდეს.

საბოლოოდ ევროკავშირის დატოვების მომხრეებს გამარჯვება მხოლოდ ერთმა ფრაზამ მოუტანა, რომელიც ტომპსონმა აქტიურად გამოიყენა სარეკლამო კამპანიაში - დავიბრუნოთ კონტროლი!

სლოგანის ავტორი კამპანია „ხმა მიეცი ევროკავშირის დატოვებას“ ხელმძღვანელი დომინიკ კამინგსონი იყო.

Financial Times-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამაზე საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ამიტომ, კამინგსონის თქმით, ბიუჯეტის 95% - 7 მილიონი ფუნტი ევროკავშირიდან გამოსვლის კამპანიის ფარგლებში ინტერნეტ რეკლამაზე დაიხარჯა და არა - ბილბორდებზე ან სატელევიზიო რგოლებზე.

ამავე კამპანიის კომუნიკაციის მენეჯერი პოლ სტივენსონი ამბობს, რომ ინტერნეტ რეკლამის მეშვეობით უფრო მარტივია პოტენციური ამომრჩევლის ქცევას ადევნო თვალი და ზუსტად იცოდე, რამდენი დრო დახარჯა მან ბანერის ან რგოლის ნახვაზე, რამდენჯერ დააკლიკა ბანერს, სად გადავიდა ამის მერე და ასე შემდეგ. მისივე თქმით, ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა სარეკლამო კამპანია კი აქტიურად ცდილობდა გაზეთის ფურცლებზე მოხვედრას.

„90-იან წლებში ეს ალბათ ეფექტური გზა იქნებოდა. თუმცა, ახლა ადამიანებთან საკომუნიკაციოდ უამრავი სხვა უფრო ეფექტური მეთოდია ინტერნეტის მეშვეობით“, - ამბობს სტივენსონი.

მისივე თქმით, გაცილებით მარტივი და იაფია დაამზადო ინტერნეტში გასაშვები ვიდეორგოლი, ვიდრე კამპანიის ბიუჯეტის ნახევარი სატელევიზიო დროის შეძენას მოახმარო.