საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება დასრულდა

საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება დასრულდა. როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება, მინისტრი ილია ელოშვილი, ნორვეგიის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების დირექტორატის დირექტორი პერ სანდერუდი, პროექტის -„საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი“ დახურვის ცერემონიალს დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის 2013 წელს გაფორმდა.

მემორანდუმი გულისხმობდა საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას და მიღებული მონაცემების საფუძველზე ვებგვერდის შექმნას. პროექტის განხორციელებისთვის ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 1,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.

”პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, შეცდომების გასწორება და გამოტოვებული ინფორმაციის შევსება. მიღებული შედეგების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, მდინარეების ჩამონადენისა და მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით გამოიკვეთა პრიორიტეტული ჰიდროელექტროსადგურები. GIS სისტემის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეების ციფრული რუკა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია პოტენციური ჰიდროსადგურების სავარაუდო მონაცემების შესახებ: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის ოდენობა და სხვა”, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მიღებული შედეგები ინვესტორებს სასურველი პროექტის შერჩევის პროცესს გაუმარტივებს.