„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „დარ კაპიტალი“  ამოქმედდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, საწარმო წებოვან ცემენტს, თუნუქის სახურავებს, ლურსმნებს, მავთულს, საფასადე და მოსაპირკეთებელ მასალებს, წყლისა და საკანალიზაციო მილებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.

”ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. ინვესტორმა 4 მლნ ლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 7695 კვ. მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. ამ ეტაპზე უკვე 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2017 წელს დამატებით დაახლოებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

დღეისთვის საწარმოში ჯამში 120 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით, სამომავლოდ კიდევ 50 დაემატება. შპს „დარ კაპიტალი“ პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში გეგმავს. მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია შპს „დარკაპიტალის“ დირექტორმა ზურაბ დარჩიძემ გააცნო”, - განმარტავენ ადმინისტრაციის პრესსამსახურში.