ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში უწყებათაშორისი კონფერენცია გაიმართება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში უწყებათაშორისი კონფერენცია გაიმართება.

როგორც  ENPARD-იდან იუწყებიან, კონფერენციის მსვლელობისას ENPARD-ის კოოპერატივების განვითარების კომპონენტის განხორციელების 3- წლიანი პერიოდის შემაჯამებელი განხილვები მოხდება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროექტ „მცირე ფერმერების კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ კონსორციუმი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩეხეთის ცოცხალ ორგანიზმთა შემსწავლელი სამეცნიერო უნივერსიტეტი, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

„უწყებათაშორისი კონფერენცია ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, ისევე როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მისცემს შესაძლებლობას, განიხილონ და შეაჯამონ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კოოპერატივების განვითარების კომპონენტის 3-წლიანი პერიოდი. კონფერენციაზე პრეზენტაციებისა და დისკუსიების სახით განხილული იქნება ENPARD-ის პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია, სამი წლის შედეგად მიღებული გამოცდილება, რისკები და ძირითადი დასკვნები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიება 8-9 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება.