მთავრობას 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტისთვის არ წარუდგენია

მთავრობას 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტისთვის არ წარუდგენია.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენის ვადა მთავრობას 5 ნოემბრამდე ჰქონდა. აღნიშნული ვადა საბიუჯეტო კოდექსით და პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში არ შესულა.

ახალარჩეული პარლამენტის შეკრებამდე, მმართველი პარტია ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვას არ აპირებს. კანონის თანახმად, პლენარული სხდომის ფორმატში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 15 ნოემბრამდე უნდა მომხდარიყო, რაც არ იგეგმება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახალარჩეულ პარლამენტში გაგრძელდება.