"ორბელიანის მოედანზე სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდება, მოსახლეობა კი, ქირით იქნება უზრუნველყოფილი"

ორბელიანის მოედანზე სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდება, ხოლო მოსახლეობა სრულად იქნება გაყვანილი და ქირით უზრუნველყოფილი , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის მერიაში ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული შენობა ავარიული იყო და მათ მოსახლეობაც გააფრთხილეს, რათა დაეტოვებინათ შენობა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა იყო მკვეთრად ავარიული. შესაბამისად, რაიონულმა გამგეობამ გააფრთხილა მოსახლეობა. ჩვენ მათ შევთავაზეთ ქირით გასვლა, რათა საფრთხე აგვეცილებინა თავიდან. დღესაც ვაგრძელებთ მსგავსი ტიპის შეთავაზებებს, ანუ იქ, სადაც ჩვენ გვაქვს ავარიული სიტუაცია, მოსახლეობას ქირით გასვლას ვთავაზობთ და მუნიციპალიტეტი უხდის მათ ბინის ქირას. კონკრეტულად ორბელიანის მოედანს რაც შეეხება, სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდება და მოსახლეობა სრულად იქნება გაყვანილი და ქირით უზრუნველყოფილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.