აჭარის რეკლამირებისთვის სამიზნე ქვეყნების რაოდენობა 17-მდე იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლისთვის რეგიონის რეკლამირებას 17 ქვეყანაში გეგმავს. აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია შემდეგი წლისთვის 5 ახალ ქვეყანაში - არაბეთის გაერთიანებული საემიროებში, საუდის არაბეთში, დუბაიში, ლატვიაში, ესტონეთში, გერმანიასა და ირანში იგეგმება. 2017 წლისთვის, ბიუჯეტიდან სარეკლამო კამპანიებისთვის 5 425 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

მიმდინარე წელს კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები 11 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსი, ლიტვა, პოლონეთი, ყაზახეთი, ისრაელი, რუსეთი, საქართველო) აწარმოა.

„შემდეგი წლისთვის ჩვენ ვიწყებთ ბაზრების დივერსიფიკაციას და აქცენტს ვაკეთებთ ქვეყნებზე, საიდანაც წელს რეგიონში ტურისტების ზრდის დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები სამიზნე ქვეყნებში რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას, აჭარის დღეების გამართვასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებდა. ის ასევე მოიცავდა სამიზნე ქვეყნებში ფლეშმობების, კონკურსების, პრესლანჩების, პრესკონფერენციების, პრომო აქციების, გასტრო ტურებისა და კულინარიული მასტერკლასების ჩატარებას, ონლაინ და გარე რეკლამებს. აღნიშნული პიარკამპანიები შემდეგ წელს უკვე 17 ქვეყანაში გადანაწილდება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა სამიზნე ქვეყნებიდან 22 პრეს და 8 ინფო ტურს გაუწია ორგანიზება, რომლის საშუალებითაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 114 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი და 176 ჟურნალისტი გაეცნო. შედეგად, სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედია საშუალებებში აჭარის შესახებ 130-ზე მეტი სტატია, ტელე-რადიო სიუჟეტი და გადაცემა გამოქვეყნდა. აჭარაში მოგზაურობას ვრცელი სარეკლამო გადაცემები მიუძღვნა ისეთმა ტელეკომპანიებმა როგორებიცაა Bloomberg TV , CNN TÜRK , Моя планета, ПЯТНИЦА, The Good Life Channel, Travel Channel Israel, Channel 10, Беларусь 1, ОНТ და ATV .

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციები ჩაატარა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. გარდა ამისა, წელს პირველად, მონაწილეობა მიიღო დუბაის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ტურისტულ გამოფენებში. ჯამში, რეგიონი 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს, ასევე წარმატებით განხორციელდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტი - აჭარის დღეები სამიზნე ქვეყნებში. ლიტვის, ისრაელის, ყაზახეთის, ბელორუსისა და პოლონეთის მაცხოვრებლებმა, ჟურნალისტებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებმა აჭარაში ჩამოსვლამდე, თავიანთ ქვეყანაში ნახეს რისი დათვალიერების, დაგემოვნებისა და ნახვის შესაძლებლობა აქვთ რეგიონში სტუმრობისას. სულ, სამიზნე ქვეყნებში დეპარტამენტმა 7 აჭარის დღეს გაუწია ორგანიზება.

აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგძლივებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ცნობილ ტელეარხებზე ვიდეო რეკლამა გაუშვა. ვიდეო რგოლი Discovery channel-ზე, My planet-ზე, Euronews Moscov-ისა და Euronews Spb-ის ტელეეთერში სექტემბრის განმავლობაში ტრიალებდა.

გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი წლის დასაწყისიდან დღემდე აღნიშნულ სამიზნე ქვეყნებში ახორციელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედიაინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად,

• 80 632 ვიზიტორი ვებ-გვერდზე: www.goBatumi.com.

• 106 852 მომხმარებელი სოციალურ ქსელში