2013 წლის შემდეგ საქართველოში დეფლაცია პირველად დაფიქსირდა

„უკვე საშიშ ზღვარს ვუახლოვდებით“ - აცხადებენ ექსპერტები

„საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ მინუს 0.2% შეადგინა. 2013 წლის სექტემბრის შემდეგ ეს საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ინფლაცია დეფლაციამ შეცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაცია ყველაზე მაღალი - 6.3% 2015 წლის ნოემბერში იყო, მაშინ ინფლაციის მიზეზი ლარის მკვეთრი გაუფასურება გახლდათ, წელს კი, მიუხედავად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა, ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

იმავე „საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ფასების 6,7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები, შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-16,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც (-8,8 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ამ ჯგუფში ფასები 3,9 პროცენტით არის შემცირებული, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობის, მაცივრების და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ქვეჯგუფზე (-7,6 პროცენტი) და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზეც (-2,9 პროცენტი); შედარებით მაღალი ინფლაცია ფიქსირდება თამბაქოსა და ალკოჰოლურ ნაწარმზე. ამ ჯგუფში საქონლის ღირებულება წინა წელთან შედარებით 10.9%-ითაა გაზრდილი, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.

რა გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ფასები კი მეტნაკლებად სტაბილურია? - ეს შეკითხვა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელს ვახტანგ ჭარაიას დავუსვით.

„ერთი შეხედვით, ეს აუხსნელი სიტუაციაა, რადგან საქართველო ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული: ჩვენ უცხოური ვალუტით ვყიდულობთ პროდუქციას და როდესაც ჩვენი ვალუტა უფასურდება, უფრო მეტი ლარი გვჭირდება, რომ დოლარი ან ევრო შევიძინოთ. ამიტომ თუ ლარი უფასურდება, ყველა ვარიანტში ინფლაციას უნდა ჰქონდეს ადგილი ანუ პროდუქტზე ფასი უნდა იზრდებოდეს, თუმცა აქ რამდენიმე ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ: წინა წლის ოქტომბერთან შედარებით დეფლაცია დაფიქსირდა არა პირველადი მოთხოვნის საქონელზე, არამედ სამომხმარებლო კალათაში შემავალი სხვა პროდუქტების ხარჯზე, როგორიცაა მაგალითად, საწვავი და ტრანსპორტი - საქართველოში გაიაფდა ტრანსპორტის მომსახურება და მისი შეძენა. ამ ჯგუფს სამომხმარებლო კალათაში დიდი წონა აქვს და ასეთი მნიშვნელოვანი ჯგუფი ხშირად განაპირობებს ხოლმე ინფლაციას, თუ დეფლაციას ყველა ქვეყანაში. ახლაც, ამ მსხვილ ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა მთლიანი სამომხმარებლო კალათის დეფლაციური მაჩვენებელი.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი სხვა მიზეზებსაც ასახელებს.

"ძალიან დიდი როლი იქონია ამ მაჩვენებელზე „საქსტატის“ მიერ არჩეულმა მეთოდოლოგიამ. თანაც, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 3 პროცენტი ჩვენთვის ძალიან მცირეა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვვითარდებით, მოსახლეობაც პასიურია და ბიზნესიც. ყველა ამ კომპონენტს თუ შევაჯერებთ, ლოგიკურია, რომ ქვეყანაში დეფლაცია დაფიქსირდა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფასები ყველა პროდუქტზე შემცირდა. გაძვირებულია სურსათი, რომელიც ყველასათვის პირველადი მოხმარების საქონელი გახლავთ, თუმცა სხვა კომპონენტებმაც განაპირობა, რომ მთლიანი სამომხმარებლო კალათის ღირებულება შემცირდა“, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე კი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფასების მატება ჯერჯერობით უმნიშვნელოა, თუმცა უკვე საშიშ ზღვარს მიუახლოვდა.

"მე საკითხს ასე დავსვამდი: ვალუტის კურსის დაცემა რამდენად ქმნის საშიშროებას, რომ სამომხმარებლო ფასები გაიზრდება? ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, წინა წლებში ისტორიული რეკორდი იყო 2,48, რომელსაც თითქმის მივუახლოვდით. ამ სიტუაციაში სავსებით ლოგიკურია შეკითხვა - რა გავლენას მოახდენს ეს ფასების ზრდაზე? საერთოდ, პროდუქტის ფასზე ბევრი რამ ახდენს გავლენას: არის თუ არა ეკონომიკაში საამისო პირობები, როგორია უცხოური ინვესტიციების შემოდინება, როგორია გადმორიცხვები, რა სეზონია ამჟამად და სხვა. ანუ არის თუ არა პირობები, რომელიც ლარის ამ დონემდე გაუფასურებას და ფასების მომატებას გამოიწვევს. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ დღეს საქართველოში საამისო პირობები არ არის ანუ ეკონომიკური პირობები არ იძლევა ლარის მკვეთრი გაუფასურების საფუძველს. ამიტომაც ჩნდება არაერთი შეკითხვა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ. ეს შეკითხვები წინა ხელმძღვანელობის დროსაც არსებობდა და დღესაც არის. გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ვალუტის გაუფასურებასთან ერთად ფასები მყისიერად არ იზრდება, ეკონომიკა ელოდება, რა დონეზე შეჩერდება ეროვნული ვალუტის კურსი და რა მოხდება ახლო მომავალში - ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში იყო მოლოდინი, რომ ლარის კურსი სტაბილური გახდებოდა და ერთ დონეზე შეჩერდებოდა", - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

მისი აზრით, თუ ლარის დევალვაციის პროცესი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგაც გაგრძელდება და კურსი 2,50-ს მიაღწევს, ფასები პირველადი მოხმარების საგნებზეც გაიზრდება და ენერგომატარებლებზეც, კერძოდ, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე.

"უკვე ჩნდება ინფორმაცია, რომ თუკი ლარის კურსი 2,50-ს მიაუხლოვდება, კომპანიები ტარიფის გაზრდას მოითხოვენ, რადგან ისინი პროდუქციას დოლარში ყიდულობენ. მომავალში ჩვენი ვალუტა რომც გაძლიერდეს, როგორც წესი, ფასები ისევ ისე რჩება. ამიტომ, ძალიან საშიშ ზღვარს ვუახლოვდებით - ძალიან ცოტა საფეხურია დარჩენილი იქამდე, რომ ფასები მკვეთრად გაიზარდოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები ხელფასს ლარში იღებენ და მათი რეალური ხელფასი დღითიდღე ილევა და მცირდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას სპეციალური, სკრუპულოზური შესწავლა სჭირდება. ამ მოვლენაზე ახალმა მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად, სერიოზულად უნდა იმსჯელოს. მართალია, სურსათის ფასები უკვე გაზრდილია, მაგრამ ეს არ არის მკვეთრი ზრდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, ყველაფერი გაძვირდება, რადგან ენერგომატარებლებს ყველა მოვიხმართ. ჩემი აზრით, საქართველოს ახალი მთავრობა საკმაოდ კომპეტენტურია და ყველანაირად შეძლებს ეს პრობლემები მოაგვაროს", - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე