„ფოლქსვაგენი“ ევროპიდან დამატებით 2,6 მილიონი ავტომობილის გაწვევას გეგმავს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა „ფოლკსვაგენმა“ ადგილობრივი რეგულატორისგან დიზელის სკანდალში მოყოლილი ავტომობილების ტექნიკური შეკეთების უფლება მიიღო.

ნებართვის შედეგად, კომპანია ევროპის მასშტაბით დამატებით 2.6 მილიონ მანქანას გაიწვევს შეკეთების მიზნით.

გასულ წელს გერმანული ავტოკონცერნის წინააღმდეგ ევროპაში, აშშ-სა და აზიაში გამოძიება დაიწყო. „ფოლქსვაგენმა“ აღიარა, რომ მინიმუმ 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს.

თუმცა, თავდაპირველად აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ბრალდება 500 ათას ავტომობილს ეხებოდა, რომელიც აშშ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში გაიყიდა.

„ფოლქსვაგენი“ იძულებული გახდა აშშ-ში გაყიდვიდან ამოეღო 2009-2014 წლებში გამოშვებული ყველა Jetta, Beetle, Audi A3 და Golf, ასევე 2014-2015 წლებში წარმოებული Passat-ები.

გერმანული ავტოკონცერნის მიერ გამოშვებულ მოდელებს, რომელთაც 1.2 და 2.0 ლიტრიანი ძრავი აქვთ, უკვე ჩაუტარდა ტექნიკური სამუშაოები და გამოსწორდა მათი პრობლემა.