თბილისს ამდენი ხალხის დატევა აღარ შეუძლია!

წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თბილისი არ იყო თავკომბალა ქალაქი, ხალხი სოფლებს არ ტოვებდა და მამაპაპისეულ კერას არ აციებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებითაც კი დასტურდება, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 1/3 საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს. როგორ გაზეთი „რეზონანსი" წერს, ევროპის მასშტაბით ასეთი სულ 7 სახელმწიფოა და მათგან ორი (თბილისი და ერევანი) სამხრეთ კავკასიაში.

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, თბილისს თავკომბალა ქალაქად გადაქცევის საფრთხეს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ დროს ჩვენს დედაქალაქში მთელი ქვეყნის მოსახლეობის 35% იყრიდა თავს. ზოგიერთები ამას ქართველების ცენტრისკენულ მისწრაფებას უკავშირებდნენ. ადამიანებს ერჩივნათ ქუჩებში ეხეტიალათ და კორპუსების წინ მდგარიყვნენ, ვიდრე საკუთარ სოფელში მიწა დაემუშავებინათ. ასე რომ, თბილისი ნელ-ნელა ემსგავსებოდა ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურს, სადაც მოსახლეობის 96% ცათამბჯენებში ბინადრობს, ხოლო მოსახლეობის სულ რაღაც 4% ალაგ-ალაგ სოფლებშია შერჩენილი.

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტები ე. წ. "ზიფის წესზე" ამახვილებენ ყურადღებას. ამ წესის თანახმად, თუკი უდიდეს ქალაქში 100 კაცი ცხოვრობს, მაშინ სიდიდით მეორე ქალაქში 50-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს, მესამეში კი სამჯერ ნაკლებმა, ანუ 33-მა. ეს წესი თბილისისთვის შეუსაბამოა, რადგან მოსახლეობის რაოდენობით ჩვენი დედაქალაქი განუზომლად დიდია.

2012 წელს, როცა წყლის მოვარდნის შედეგად დედა და ორი შვილი დაიღუპა, ამბობდნენ, რომ ამ ტრაგიკულ ადამიანებს პირდაპირ კოლექტორზე ჰქონდათ დაშენებული ოთახი. ამას მოჰყვა სააკაშვილის ბრძანება, რომ დედაქალაქში ბარაკები არ უნდა ყოფილიყო, სადაც, ძირითადად, რეგიონებიდან 7-8 წლის წინ ჩამოსული ადამიანები ცხოვრობდნენ. თუმცა, არავინ ფიქრობდა, რომ სოფლის მოსახლეობა ადგილზევე დაემაგრებინა, რათა მათ დედაქალაქში გამოქცევის სურვილი არ გასჩენოდათ. მაშინ არავის დასჭირდებოდა მიჯრით მიწყობილი სახლები, ამ სახლებისგან დავიწროებული ქუჩები, შემჭიდროებული უბნები და თბილისთან არაორგანულად შემოერთებული ყოფილი სოფლები. თუკი შემოერთება ასე უსაშველოდ გაგრძელდება, თბილისი მთელ აღმოსავლეთ საქართველოს შემოიერთებს და ყველა სოფელს ერთი ქალაქი დაიტევს.

თბილისის ზრდა აღარ შეიძლება!

ქალაქდაგეგმარების სპეიალისტი ზურაბ ბაქრაძე "ბიზნეს-რეზონანსთან"  საუბრისას აცხადებს, რომ უკვე მივედით იმ ზღვარზე, როცა დედაქალაქი ვერ დაიტევს ამდენ მცხოვრებს. თბილისის ზრდა უკვე აღარ შეიძლება და ეს მთელი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრობლემაა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დეცენტრალიზაციის კვალობაზე უნდა გადანაწილდეს მოსახლეობა. რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს ნორმალური არ არის არც ეკონომიკისთვის, არც კულტურული და ადმინისტრაციული ცხოვრებისთვის. ამიტომ თბილისში უნდა გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ამ ზრდას შეაჩერებს ან შეზღუდავს და ეს ცენტრალური ხელისუფლების საქმეა. ახლა მთელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ერთ ქალაქში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც სულ მთლად დამღუპველ გარემოებას შექმნის.

"ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, თუნდაც საბჭოთა დროს არსებობდა თუ არა თბილისში ჩაწერილ ადამიანთა რაოდენობის მხრივ დაწესებული ლიმიტი, რაზეც ზურაბ ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ლიმიტი არასდროს ყოფილა. ეს დაგეგმვის საქმეა და, როგორც დაგეგმავს ქალაქის ხელმძღვანელობა, იმის მიხედვით უნდა განვითარდეს. საბჭოეთის დროს 1971 წელს დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, 2000 წლისთვის თბილისში მცხოვრებთა რიცხვი 1 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო.

"ბოლო წლებში თბილისი უკვე გასცდა ბუნებრივ საზღვრებს, გაჩნდა მუხიანი, თემქა, ვარკეთილი, ვაზისუბანი, ფონიჭალა, დიღომი 7, დიღომი-8, ქოშიგორა. შეიძლება დედაქალაქი კიდევ უფრო გაიზარდოს რუსთავისკენ, კახეთისკენ. ამას ვერავინ შემოსაზღვრავს. შეიძლება ისეთ აბსურდამდეც მივიდეთ, რომ თბილისმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო მიიერთოს. ამიტომ ქვეყნის სივრცითი მოწყობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ იგი ქალაქის ზრდას არ გულისხმობდეს. უფრო მეტიც, აქცენტი თბილისის მოსახლეობის შემცირებაზე უნდა გაკეთდეს.

უხეშად რომ ვთქვათ, რაღაც სიმძლავრეები უნდა გადავიდეს ქუთაისში, ბათუმში, თელავში, გორში, ხაშურში. რაც შეეხება ლტოლვილების თემას, ამ მხრივ კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. მარტო მიწის ნაკვეთი, სახლი და ნაჩუქარი ძროხა არ ეყოფა ადამიანს, თუ იქ კულტურული გარემო არ ექნება, თუ არ ექნა საგანმანათლებლო კერები, ადმინისტრაციული გარემო, სადაც ის ქვეყნის პატრონად იგრძნობს თავს. ადამიანს თავის მიწა-წყალზე დარჩენა უნდა სურდეს და არა გაქცევა. დღეს კი თავისი მამა-პაპისეული ადგილიდან ყველა გარბის, რადგან გაუსაძლისი მდგომარეობაა", - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

მანვე განმარტა, რომ დედაქალაქის გეოგრაფიული არეალი ვერ იტევს ამდენ მაცხოვრებელს. ადრე კი, უკეთესი დაგეგმვის პირობებში, თბილისში უამრავი ადამიანი უკეთესად ცხოვრობდა. დღესდღეობით სპონტანურად, ქაოსურად მიმდინარეობს მშენებლობა, ვისაც სად მოუნდება, იქ იყიდის ნაკვეთს, წამოჭიმავს სახლს და ეს შემდგომ პრობლემას აჩენს.

"ხუთ მთას შორის იყო ჩატეული თბილისი. ეს გახლავთ მთაწმინდა, თაბორი, მახათა, ლოტიკი (ლოტკინს რომ ეძახიან) და ვეძისი. ამ მთებს შორის არეალი დაახლოებით მე-18 და მე-19 საუკუნის მიჯნაზე შეივსო და მეორე მსოფლიო ომამდე ამ ფარგლებში იყო ჩვენი დედაქალაქი მოქცეული. იმის იქით არ გასულა. ზომიერი გამჭიდროებით შეიძლებოდა ჩვენი დედაქალაქი კიდევ დიდხანს დარჩენილიყო ზუსტად ამავე ფარგლებში და არ გასულიყო ფარგლებს გარეთ. თბილისის მოსახლეობის ნამატი ინტენსიური გამჭიდროების ხარჯზე მოიმატებდა (მოსახლეობა მოიმატებდა, მაგრამ დედაქალაქის ფართობი არ გაიზრდებოდა), თუმცა ასეთი გონივრული პოლიტიკა არ ჰქონდა ჩვენს დედაქალაქს. ამაზე არავის უფიქრია.

აშენებდნენ უამრავ საცხოვრებელს, მუქთად, უფასოდ აძლევდნენ ბინებს ადამიანებს. ეს ქმნიდა შეწოვის ეფექტს და ასე შემოიწოვა თბილისმა უამრავი ადამიანი, რადგან სოფლად და პატარა ქალაქებში ცუდი საცხოვრებელი პირობები იყო, აქ კი ელემენტარულს მაინც სთავაზობდნენ. მეორე მსოფლიო ომის მერე, 50-იან წლებში დაიწყო ასეთი ცუდი პრაქტიკა. ეს იყო ხრუშჩოვის დროს გატარებული საბინაო პოლიტიკა, როცა უამრავი საცხოვრებელი აშენდა. ამან პროვინციებიდან ხალხის მასობრივი ჩამოსახლება გამოიწვია.

უამრავი ადამიანი მოაწყდა თბილისს, რასაც უკვე ადმინისტრაციული ხერხებით ეწინააღმდეგებოდნენ. ჩაწერის პრობლემა შეუქმნეს, სოფლიდან ადამიანებს არ უშვებდნენ, პასპორტს არ აძლევდნენ, მაგრამ უამრავი აშენებული ფართი შეწოვის ეფექტს მაინც ქმნიდა. ხალხიც პოულობდა გზას თბილისში გადმოსასვლელად. ასეთი სივრცითი მოწყობა დამღუპველად მოქმედებდა მთლიანად ქვეყანაზე და უშუალოდ თბილისზე", - განმარტა ზურაბ ბაქრაძემ.

ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ დღეს ეს პოლიტიკა უფრო გამძაფრებულად გრძელდება, რადგან ეკონომიკური კრიზისის და სიდუხჭირის გამო, სოფელში ხალხს აღარ გაეძლება. სწორედ ეს ქმნის მესამე სამყაროს ქალაქის სურათს, რაც განვითარებადი, ჩამორჩენილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომაც დიდი ხანია, დავემსგავსეთ ბანგლადეშს, მექსიკას, ლათინურ ამერიკას, სადაც ურბანული გაჭირვებაა. თორემ ევროპული ქვეყნების სივრცითი მოწყობა აწყობილი და გეგმის მიხედვითაა გააზრებული.

ზურაბ ბაქრაძის დაკვირვებით, ქალაქის მოსახლეობა მთელ მსოფლიოში იზრდება სოფლის მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, მაგრამ ეს ხდება განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, ჩინეთში ყველაზე მძაფრად იგრძნობა ეს პროცესი, განუზომლად იზრდება ქალაქების რიცხვი და ქაოსურად შენდება კორპუსული ტიპის ქალაქები.

განაშენიანება ინვესტორის კარნახით

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალაქში ცხოვრება ადამიანებისგან კომპრომისს მოითხოვს. აქ არ არის ისეთი ლაღი, თავისუფალი პირობები, რაც სოფელშია. ქალაქში ცხოვრებას თავისი წესი აქვს და თავისებურ სირთულესა და პრობლემას უკავშირდება. ამის მიუხედავად, მთელი ქვეყნის მოსახლეობა დედაქალაქისკენ მიილტვის, რაც ანომალიაა და თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს.

"არაფერია დასამალი და ყველამ კარგად იცის, რომ პერიფერიებში, მით უმეტეს, სოფლებში დღეს პირობები ძალზე მძიმეა - დასაქმების პრობლემა, სრული უმუშევრობაა. ეს ხალხიც ამიტომ აწყდება დიდ ქალაქებს და არა იმიტომ, რომ თბილისის ჰაერი მოსწონთ. ეს იძულებაა. სანამ პრობლემები არ გადაიჭრება, თბილისს კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიემატება. აქ ურბანისტიკა უძლურია, უფრო სოციალური, ეკონომიკური საკითხებია წინა პლანზე.

მხოლოდ თბილისი არ არის ამ დღეში, მსოფლიოს უამრავ ქალაქს აქვს სხვადასხვა პრობლემა, უპირველესად ტრანსპორტის, დასაქმების მხრივ ბევრ ქალაქში არსებული კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა გადატვირთულია და ვერ უძლებს ასეთ დაწოლას", - აცხადებს ვახტანგ დავითაია და განმარტავს, რომ უახლოეს წარსულში ჩვენთან ამ ყველაფერს ემატებოდა ქალაქგეგმარებითი ქაოსი. არ არსებობს არანაირი წესრიგი და ინვესტორის კარნახით კეთდება ყველაფერი. სწორედ ამან გამოიწვია ქალაქის ქუჩების, კომუნიკაციების გადატვირთვა, რაც დღემდე დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.

დავითაიას აზრით, უკვე ისეთ კრიტიკულ ზღვრამდე ვართ მისულნი, თვითონ ადამიანები ხვდებიან, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრებას განაპირა რაიონში დასახლება სჯობს. უკვე შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მოსახლეობამ პირი იბრუნა პერიფერიებისკენ. მით უმეტეს, რომ მთელ მსოფლიოს აქვს გადავტირთული დედაქალაქების განტვირთვის გამოცდილება. ამ მხრივ პარიზის მაგალითია საინტერესო.

ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ დაიწყო პარიზის სატელიტი, მცირე ზომის ქალაქების მშენებლობა, რომლებმაც არა მარტო იქაური მოსახლეობის გაყვანას შეუწყო ხელი, არამდე საწარმოებიც გაიბნა მეგაპოლისიდან. სამუშაო ადგილები სატელიტ ქალაქებში გაჩნდა და ხალხმაც გადინება დაიწყო. ამავე მეთოდით განიტვირთა ევროპის სხვა დედაქალაქებიც.

თბილისის ზრდა მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის ფარგლებში დაიწყო. ზრდის მეორე ტალღა კი საბჭოთა პერიოდს უკავშირდება, როცა სოფლები დაიცალა და ურბანიზაცია გარდაუვალ პროცესად იქცა. გაეროს პროგნოზით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 29 პროცენტი დარჩება სოფლად, ანუ კიდევ მილიონამდე ადამიანი ქალაქებში გადასახლდება.

საქართველო იმ 7 ევროპულ სახელმწიფოთა შორისაა, სადაც მოსახლეობის მინიმუმ 1/3 დედაქალაქშია თავმოყრილი. თბილისის გარდა თავკომბალა ქალაქებია: ტალინი (ესტონეთი), რეიკიავიკი (ისლანდია), რიგა (ლატვია), ლა ვალეტა (მალტა), პოდგორიცა (ჩერნიგორია), ერევანი (სომხეთი).

მარიამ მაჭავარიანი

გაზეთი "რეზონანსი"