ყელში ამოსული ლარის კურსი

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურების მიზეზებზე წერს. „ბიზნესპრესნიუსი" ეკონომისტის წერილს უცვლელად გთავაზობთ. 

ლარის 49%-იანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში და თავი რომ მოვუყაროთ ლარზე მოქმედ ფაქტორებს და ვისაუბროთ შედეგებზე:

1. მიზეზები: საქართველოს აქვს მცურავი სავალუტო სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა ვალუტებთან მიმართებაში კურსი მოთხოვნა-მიწოდებით დგება. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად ლარის და დოლარის კურსს განსაზღვრავს საქართველოში არსებული ლარისა და დოლარის თანაფარდობა. თუ ლარის მასა გაიზრდება და დოლარის რაოდენობა იგივე დარჩება, ეროვნული ვალუტა უფასურდება, ხოლო თუ უფრო მეტი დოლარი შემოდის ვიდრე ლარის მასა იზრდება, მაშინ ლარი მყარდება.რამდენიმე ფაქტორი ახდენს ქვეყანაში დოლარის რაოდენობაზე გავლენას:

• ექსპორტი. ექსპორტი რომ იზრდება, ნიშნავს რომ ქვეყანაში მეტი დოლარი შემოდის. ექსპორტის ზრდა ასევე ზრდის ეკონომიკას და კარგია მშპ-სთვის. საქართველოში ექსპორტი უკვე 2 წელია რაც მცირდება და თან მკვეთრად. მაგალითად 2016 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტი რომ ავიღოთ, 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაბლაა ჩამოსული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი სექტემბერში მცირედით, მაგრამ გაიზარდა.

• იმპორტი. იმპორტის შემცირება ნიშნავს, რომ ნაკლები დოლარი გადის და ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ იმპორტის შემცირება არავითარ შემთხვევაში არ არის კარგი. იმპორტის შემცირება ნიშნავს, რომ მცირდება ვაჭრობა და სავარაუდოდ მცირდება ეკონომიკაც, რადგან მოსახლეობა უფრო ნაკლებს მოიხმარს. საქართველოში იმპორტიც საკმაოდ დიდი ხანია რაც მცირდება (ნომინალში ზრდა ფიქსირდება, მაგრამ ც ჰეპატიტის წამლების ხარჯზე).

• უცხოეთიდან გადმორიცხვები. ე.წ. საგარეო ფაქტორი, რამაც გავლენა იქონია საქართველოში კურსის გაუფასურებაზე, ესაა გზავნილების შემცირება. რუსეთში მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში გზავნილები შემცირდა 2014-2015 წლებში. თუმცა, ბოლო თვეებია საერთაშორისო გადმორიცხვები იზრდება (მათ შორის სექტემბერში 13%-ით გაიზარდა წინა წლის სექტემბერთან შედარებით). შესაბამისად, უკანასკნელ პერიოდში კურსის გაუფასურება ამ ფაქტორს ნაკლებად უკავშირდება.

• ტურიზმიდან შემოსული წმინდა ფულადი ნაკადები. რაც არ უნდა იტრაბახოს მთავრობამ იმით, რომ ტურიზმში ყველაფერი კარგადაა და მეტი ტურიზმი შემოდის, მოცემულ შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა ის, თუ როგორია ზრდის ტემპი წმინდა ფულადი ნაკადების. მაგალითად, 2010-2012 წლებში წმინდა ფულადი ნაკადების ზრდის ტემპი საშუალოდ 55%-ზე მეტი იყო. 2013 წელს განახევრდა, 2014 წელს 4% იყო ზრდა, 2015 წელს 8%, ხოლო 2016 წლის პირველ ორ კვარტალში 9%. გამოდის, რომ ის ფულადი ნაკადები რაც ტურიზმიდან შემოდის სხვა თანაბარ პირობებში საკმარისი არ არის კურსის სტაბილურობისთვის ან გამყარებისთვის. რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში კურსის გაუფასურებას, ტურისტული სეზონის დამთავრება უარყოფითად აისახა ლარის გაცვლით კურსზე;

• ინვესტიციები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კურსის ფორმირებაში ეკუთვნის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 2014 და 2015 წლებში ინვესტიციები საკმაოდ მაღალი იყო და 1.7 და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რიცხვები ასევე მაღალია 2016 წლის პირველ ორ კვარტალში. მოცემულ რიცხვებთან უამრავი კითხვა არსებობს და ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე თუ რატომ არის ესეთი დაბალი ეკონომიკური ზრდა თუ ინვესტიციები ასეთი მაღალია? ხომ არ შეიცვალა ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგია? რატომ არის ესეთი მაღალი რიცხვი მხოლო კავშირგაბმულობა და ტრანსპორტში ინვესტიციების ხარჯზე და ა.შ. თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ მოცემული რიცხვები რეალობას ასახავს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული ინვესტიციები უბრალოდ არასაკმარისია არც კურსის სტაბილურობისთვის და არც ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე, უფრო სწორი შეიძლება იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხილვა არა აბსოლუტურ რიცხვებში, არამედ ეკონომიკასთან მიმართებაში. ამ მეთოდოლოგიით ინვესტიციები მთლიად შიდა პროდუქტთან დაახლოებით 10% გამოდის. 2006-2007 წლებში 20%-ის ფარგლებში იყო მოცემული რიცხვი და ეკონომიკური ზრდაც ორნიშნა იყო, ხოლო 2010-2012 წლებში საშუალოდ 6-7%, თუმცა კურსის გაუფასურებამ ნომინალური მშპ დოლარში შეამცირა და ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან მაღალი რიცხვი დასვა 2015 და 2016 წლებში;

• ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ძალიან ბევრჯერ გააუფასურა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, იყო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, რაზეც ფაქტ-მეტრი წერდა (http://factcheck.ge/article/nodar-k...)

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის პირველ 10 თვეში დაახლოებით 200 მილიონი ლარის დეფიციტურ ხარჯვას ჰქონდა ადგილი. რაც რა თქმა უნდა ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს.

• მოლოდინები. ლარის გაცვლით კურსზე, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტის მოთხოვნაზე, მოქმედებს მოლოდინები. თუ კურსის გამყარებაა მოსალოდნელი, ეს დადებითად აისახება მის ღირებულებაზე, ხოლო თუ გაუფასურებაა მოსალოდნელი, უარყოფითად. მოცემული კრიტერიუმის რიცხვებში გამოხატვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუ სხვა ფაქტორები არ იცვლება (ან დადებითად ფასდება), მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოლოდინებმა ითამაშეს გარკვეული როლი. მსგავსი სიტუაცია იყო 2016 წლის გაზაფხულზე, როდესაც ლარმა მკვეთრად დაიწყო გამყარება

• ვალი. დოლარის შემოდინება და გადინებაზე მოქმედებს საგარეო ვალი. სამთავრობო ვალი ესაა მთავრობის მიერ აღებული ვალი, ხოლო სახელმწიფო ვალი, რომელიც მოიცავს სამთავრობო ვალსაც და კერძო სექტორის მიერ აღებულ ვალსაც. წლების მანძილზე სახელმწიფო ვალი იზრდება და ეს ნორმალურია, რადგან კერძო სექტორს შესაძლებელია მეტი ფული დაჭირდეს საქმიანობისთვის ან ნაკლები. მოცემულ ვალებში მთავრობა ვერ ჩაერევა და არც უნდა ჩაერიოს. პრობლემა იქმნება, როდესაც მთავრობა იღებს მეტ საგარეო ვალს. ასევე, მნიშვნელოვანია არა ნომინალში ვალის დათვლა (რაც ასევე გაზრდილია), არამედ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ვალის ფარდობა მშპ-სთან ყოველთვის შემცირების ტენდენციით გამოიხატებოდა, თუ არ ჩავთვლით 2008-2010 წლებს, რაც რუსეთ-საქართველოს ომიდან და მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან იყო განპირობებული. 2011 და 2012 წლებში ვალი/მშპ მცირდებოდა, 2013-ში იგივე დარჩა, ხოლო 2014-ში ზრდა დაიწყო და 2017 წლის ბიუჯეტის პირველი პროექტის მიხედვით 40%-ზე მეტია მაშინ, როცა მაგალითად 2013 წელს 35% იყო. ეს მეტწილად გამოწვეულია კურსის გაუფასურებით, თუმცა კურსის გათვალისწინებითაც, მოცემულ კრიტერიუმში ზრდა ფიქსირდება. ასევე, ნაკლებად სწორია ის არგუმენტი, რომ კურსი უფასურდება იმის გამო, რომ საქართველო ვალების მომსახურების აქტიურ ფაზაში იმყოფება. რა თქმა უნდა გარკვეულ გავლენას მოცემული კრიტერიუმი ახდენს კურსზე, მაგრამ სულ მცირე ეს ლოგიკა მცდარია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ხშირად ყოფილა ვალების მომსახურების აქტიურ ფაზაში, თუმცა ამის მიუხედავად კურსი სტაბილური იყო ან მყარდებოდა.

• ეროვნული ბანკის პოლიტიკა. თავდაპირველად მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულება არ არის ვალუტის კურსის სტაბილურობაზე ზრუნვა. მისი ფუნქციაა ფინანსური სექტორისა და მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნება. თუმცა, გარკვეული მისი ქმედებები კურსზე გავლენას ახდენს. ფულის მასის შემცირება ან გაზრდა მოქმედებს ვალუტის კურსზე. უკანასკნელი პერიოდია ეროვნულ ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფულის მასის ზრდა 0-ის ფარგლებშია. ასევე, ის არ ფლანგავს რეზერვებს. გამონაკლისი უკანასკნელი 2 თვეა, როდესაც დაახლოებით 180 მილიონი დოლარის რეზერვის გაფლანგვა მოხდა წინასაარჩევნოდ ვალუტის კურსის სტაბილურობა რომ შეენარჩუნებინათ. რეზერვების ხარჯვა დროებით ეფექტს იძლევა და მხოლოდ პრობლემის გადავადება ხდება. სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ ის, რომ დღეს სწორედ ამიტომ მოხდა ლარის კურსის გაუფასურება. ანუ დღეს ვიმკით იმ შედეგს, რაც უნდა დამდგარიყო წინასაარჩევნოდ.

2. გავლენა ფასებზე. კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაწყო. რომ ავიღოთ 2014 წლის ოქტომბერი და 2016 წლის ოქტომბერს შევადაროთ, ფასები დაახლოებით 8%-ითაა გაზრდილი. მაგალითად 2016 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2%-იანი დეფლაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის გაუფასურების მიუხედავად, ფასების საშუალო ზრდა არ დაფიქსირებულა. რა მოუვა კურსს ან ფასებს ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია და არაფრით განსხვავდება ყავაზე მკითხაობისგან. მაგრამ როდესაც იმპორტიორი ყიდულობს დოლარში და ყიდის ლარში, ეს ნიშნავს, რომ მას პროდუქტცია უძვირდება (შემოსავალი უმცირდება) და იძულებულია ფასები გაზარდოს. სხვა თანაბარ პირობებში, კურსის გაუფასურებისას არსებობს რისკი, რომ ფასები გაიზარდოს, ვინაიდან მოხმარების 60%-ზე მეტი საქართველოში იმპორტირებული პროდუქციაა.

3. გამოსავალი. მოკლევადიანი გამოსავალი კურსის სტაბილურობისთვის ერთია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი. რაც შეეხება გრძელვადიან გამოსავალს და ლარის კურსის გამყარებას, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველომ მოიზიდოს ბევრად მეტი დოლარი ვიდრე ის დღეს იზიდავს. ბევრ ინვესტიციას ჭირდება მეტი ეკონომიკური თავისუფლება და მეტი საკუთრების დაცულობა. ეკონომიკური თავისუფლება მოიაზრებს გადასახადების მკვეთრ შემცირებას, გარკვეულ რეგულაციებზე უარის თქმას, სამთავრობო ხარჯების შემცირებას, ბიუჯეტის დაბალანსებას და ვალის შემცირებას. საკუთრების დაცულობის პრობლემის გამოსწორება მიიღწევა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნით, პროკურატურის რეფორმირებით, ფინანსური პოლიციის და მსგავსი სტრუქტურების უფლებამოსილების შეკვეცით და ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზებით. მოცემული ნაბიჯები, სხვა თანაბარ პირობებში, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, რაც დადებითად აისახება არამხოლოდ ვალუტის კურსზე, არამედ თითოეული მოქალაქის სიმდიდრეზე. კიდევ ერთი გამოსავალი, რომელიც ბევრად მარტივია, მაგრამ არა იოლი, ეს არის თავისუფალი სავალუტო სისტემა და დოლარიზაცია. თუ თითოეულ მოქალაქეს ექნება არჩევანი გამოიყენოს ის ვალუტა, რომელიც მას უნდა, ჰქონდეს ხელფასი იმ ვალუტაში, რომელსაც მეტად ენდობა, მაშინ იმ რისკებს, რომელიც უკანასკნელ 2 წელიწადში დაგვატყდა თავს, საქართველო აიცილებდა. 500 000 ადამიანზე მეტმა, რომელსაც სესხი დოლარში ჰქონდა, იზარალა, შესაბამისად მათ პერსონალური ბანკირის აყვანაც არ დაჭირდებოდათ. ასევე მე არ დამჭირდებოდა ამდენის წერა.