ჩარლზ ჰეტფილდი – ადამიანი, რომელმაც წვიმა გაყიდა

1902 წელს ამერიკელმა ჩარლზ ჰეტფილდმა მიაკვლია ნარევს, რომლის შემადგენლობაშიც 23 ნივთიერება შედიოდა და აორთქლების შემდეგ შეეძლო წვიმა გამოეწვია. 2 წლის შემდეგ ჰეტფილდმა საკუთარი გამოგონების ფართო რეკლამირებას მიჰყო ხელი. იგი ხვდებოდა, რომ კალიფორნიელი ფერმერები საკმაო თანხას გადაიხდიდნენ იმისთვის, რათა მათი მოსავალი არ გამხმარიყო.

ფერმერები სკეპტიკურად განეწყვნენ ჩარლზის განცხადების მიმართ და მასთან სანაძლეოც კი დადეს – შეძლებდა თუ არა იგი წვიმის "გამოძახებას". ჩარლზმა თავისი ძმის, პოლის დახმარებით ააგო ხის კოშკი, რომლის თავზეც ჩაატარა თავისი ექსპერიმენტი. შედეგმაც არ დააყოვნა, სულ მცირე დროში მოიღრუბლა და წვიმაც წამოვიდა. სწორედ ასე მიიღო გამომგონებელმა თავისი პირველი ჰონორარი.

ხმები "წვიმის გამყიდველის" შესახებ სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და ჰეტფილდსაც რეგულარულად მოსდიოდა შეკვეთები. მაგალითად, 1915 წელს, ჩარლზმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც მას 10000 დოლარის სანაცვლოდ, საკუთარი ნივთიერებით უნდა გაევსო სან-დიეგოს წყალსაცავი. წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ წყალმა დაფარა სარკინიგზო გზები და სახლები და შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ ტრაგედიის შემდეგ ჰეტფილდს სასამართლოში უჩივლეს. სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ ადამიანს არ შეუძლია ბუნებრივი მოვლენა გააკონტროლოს და იგი გაამართლეს. სასამართლო პროცესის შემდეგ ჩარლზის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და იმატა შეკვეთების რაოდენობამაც.

მთლიანობაში ჩარლზ ჰეტფილდმა 500-მდე წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა, მაგრამ დიდი დეპრესიის წლებში მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა. მან საბოლოოდ საკერავი მანქანების გაყიდვას მიჰყო ხელი.

ჩარლზ ჰეტფილდი გარდაიცვალა 1958 წელს კალიფორნიაში. "წვიმის ფორმულის" საიდუმლო მან არავის გაუმხილა და საფლავში წაიღო. ბევრი ეჭვობდა, რომ ასეთი ფორმულა არც კი არსებობდა და ჰეტფილდი წინასწარ იკვლევდა იმ რეგიონის კლიმატს, სადაც იგი ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებდა.

წყარო intermedia.ge