ენერგეტიკის მინისტრი - ამ ეტაპზე ტარიფი არ შეიცვლება

არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა „თელასის“, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, ,,ჯორჯიან უოთერენ ენდ ფაუერის“ მომავალი წლის ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტარიფების დადგენა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.

,,ჩვენ ასეთ წინაპირობას ვერ ვხედავთ. ეს არის პროცედურები, რომლებიც გაწერილია სემეკის პროცედურებში. ამ ეტაპზე ვერანაირ წინაპირობას, რომ ტარიფი გაიზარდოს, მე ვერ ვხედავ. ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა სემეკს მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით უკვე მიმართეს. კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.