"ვალუტის კურსი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება"

ვალუტის კურსი მნიშვნელოვანია კომპონენტში, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება , - ამის შესახებ „ენერგო პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ახდენს გავლენას ტარიფზე ლარის კურსის ცვლილება.

მისივე განმარტებით, კომპანიისთვის ტარიფის დადგენა არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა.

„კომისიამ უნდა მოახდინოს ჩვენი ყველა ხარჯის, სახსრებისა და გასავლის გადაანგარიშება და მისი ფუნქციაა, რომ ტარიფი დაადგინოს. აღსანიშნავია, რომ ვალუტის კურსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომპონენტში, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება, რაც მეტად მნიშვნელოვანი მდგენელია ჩვენი ტარიფის დაანგარიშებისას, თუმცა ვფიქრობ, პირველი იანვრიდან შენარჩუნებულია შედარებით დაბალი ფასი შესყიდული ელექტროენერგიის კუთხით, ამიტომ შესაძლებელია არ მოხდეს ჩვენგან ზრდის მოთხოვნა, მაგრამ მაინც სემეკის დასათვლელია”, - განაცხადა ბოცვაძემ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა მათ შორის, „თელასმა“, „ენერგო პრო ჯორჯიამ“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით უკვე მიმართეს. კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.