კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები აქციას მართავენ

თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები ოთხი კორპუსის დასრულებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით 30-მდე დაზარალებული ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

დაზარალებულები იმ ოთხი კორპუსის დასრულებას ითხოვენ, რომლებიც ნუცუბიძის მე-4 მიკრო-რაიონში და დიდი დიღმის ტერიტორიაზეა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კორპუსების დასრულებისთვის 2 წელია თბილისის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, ამ თანხის დახარჯვა ვერ ხერხდება, რადგან არ არის შემუშავებული სპეციალური წესი.

აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო ვალის შემსწავლელმა კომისიამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა 2016 წლის 1-ელ თებერვლამდე შეემუშავებინა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ვალის გადახდის წესი, რომელიც დღემდე არ შემუშავებულა. აქციის მონაწილეები კატეგორიულად მოითხოვენ აღნიშნული წესის შემუშავებას და დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში კორპუსების დასასრულებლად თანხის გამოყოფას.

როგორც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ „ერთობის“ თავმჯდომარე ლაშა გეგეჭკორმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კორპუსების დასასრულებლად გასულ წელს მერიამ კორპუსების მდგრადობა შეამოწმა, ამ მიზნით ტენდერი გამოცხადდა, რისთვისაც 300 000 ლარი დაიხარჯა.

გეგეჭკორის თქმით, შემდეგ ეტაპზე უნდა გამოცხადებულიყო მეორე რიგის ტენდერი, კორპუსების დასასრულებლად პროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის განსასაზღვრად, რაც არ მომხდარა და ასევე კიდევ ერთი ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად, რომელიც კორპუსებს დაასრულებდა.

„1998 წელს სახელმწიფომ აღიარა ჩვენი პრობლემა საშინაო ვალად. რის შემდეგ არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა პრობლემის მოსაგვარებლად, არის კორპუსები, რომელთა მშენებლობის დასრულება შესაძლებელია, თუმცა თანხის გახარჯვა ათასი მიზეზის გამო არ ხდება. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა მოგვწერა, რომ ისინი ამ თანხებს ვერ ხარჯავენ, სანამ მათ კომისია არ მიმართავს, რომლის თავმჯდომარე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურია. ჩვენ გაურკვევლობაში ვართ“, - განაცხადა ლაშა გეგეჭკორმა.