სემეკის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვლილება ტარიფზე გავლენას არ მოახდენს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვლილება არ არის იმ შინარსისა და იმ ხასიათის, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს, - ამის შესახებ ირინა მილორავამ ,,თელასის“, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, ,,ჯორჯიან უოთერენ ენდ ფაუერის“ მომავალი წლის ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მილორავამ განმარტა, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულია ტარიფების დადგენა ერთი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტარიფების გადახედვა ხდება ყოველწლიურად.

მისივე თქმით, ეს არის ტარიფების გეგმიური გადახედვა, ასე მოხდა შარშან, შარშანწინ და ასე იქნება მომავალ წელსაც.

,,რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას, რა თქმა უნდა, ტარიფთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე ჩვენ ბოლომდე დეტალურად არ ვნახავთ ინფორმაციას, მაგრამ კურსის ცვლილებას აქვს თუ არა, ან შეიძლება თუ არა მას გავლენა ჰქონდეს ტარიფზე, ეს არ არის იმ შინარსისა და იმ ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს”, - განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ სემეკის საქმე არის გადაწყვეტილების მიღება ტარიფებთან დაკავშირებით და არა პროგნოზის გაკეთება.

როგორც მილორავამ აღნიშნა, ეს ეხება ყველა სამომხმარებლო ტარიფს, რასაც სემეკი იხილავს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა სემეკს მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით უკვე მიმართეს. კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.