მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლი აშენდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანიას „მ2 უძრავი ქონება“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც  ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, მემორანდუმის ფარგლებში „მ2“ იწყებს საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისთვის. სახლი სრულად იქნება მორგებული და ადაპტირებული მათ საჭიროებებზე. მცირე საოჯახო სახლისთვის უკვე გამოიყო მიწა დიღომში. ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს.

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

„ასეთი ინიციატივები კარგი პრაქტიკაა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, ახალი, საოჯახო ტიპის სერვისის შექმნისა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც ახლა ნუცუბიძეზე მდებარე შშმ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ, ანუ ჯერ კიდევ დიდ ინსტიტუციაში არიან. ეს აქტივობა სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ამ ბავშვების დიდი ინსტიტუციებიდან გამოყვანას და საოჯახო პირობებთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ - როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ.

„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა კომპანია მ2-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მ2-ის ყველა საცხოვრებელი კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ასევე, კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე 26-მდე პანდუსი მოეწყო. მ2-ის თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა, ისეთ საქმეში წვლილის შეტანა, როგორიც საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობაა, რადგან ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიზრდებიან,“ - განაცხადა ”მ2”-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.