128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო

მოსკოვის გამზირზე მდებარე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობდა. მათთან ერთად ხეები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამაც დარგეს. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მწვანე სახლი“ 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

„ახალი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პატარებთან ერთად, 160 ხე დავრგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი უყურებენ და სწავლობენ, როგორ მიმდინარეობს გამწვანების პროცესი და როგორ უნდა მოუარონ ქალაქს. გარდა ამისა, გამწვანების ღონისძიებებით ხელს ვუწყობთ თბილისში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობის შექმნას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შემოდგომაზე თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე-მცენარე დაირგვება. აქედან, 50 000 ნერგი მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო, 30 000-მდე კი სკვერებში, გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ. დასარგავი ხე - მცენარეების სიმაღლე 1,5- 5 მეტრამდეა. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.