საქართველოში ბელგიის ბიზნესდელეგაცია - AWEX TRADE MISSION იმყოფება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ინოვაციების სააგენტოს მოწვევით საქართველოში ბელგიის ბიზნესდელეგაცია - AWEX TRADE MISSION იმყოფება.

როგორც  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, ვიზიტის მოტივი ინვესტიციების განხორციელება და შესაბამისი პარტნიორების მოძიებაა. 6 ბელგიური კომპანიის წარმომადგენლები ძირითადად ენერგოსექტორით, საკვები პროდუქტების დანამატების წარმოებითა და სამედიცინო სფეროთი არიან დაინტერესებულნი.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ბელგიური კომპანია „გალაქტიკი“, რომელიც საკვები დანამატების სფეროთია დაინტერესებული, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით უკვე შეხვდა რამდენიმე ქართულ კომპანიას. მათ შორის: „მარშეს“, „ეურალექსს“, „გაგრა პლსს“, „ეფეს ჯორჯიას“, „სანტე“-სა და კომპანია „შვიდს“.

ბელგიური კომპანია „ტელემისი“ კი, რომელიც სამედიცინო საქმიანობითაა დაინტერესებული, უკვე შეხვდა „ნიუ ჰოსპიტალს“, EVEX/GHG-ს, GACIR-ს და St John The Merciful Private Clinic-ს.

ვიზიტის ფარგლებში, ტექნოპარკში მოეწყო შეხვედრა-სემინარი, რომელსაც ბელგიის ელჩი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში - ბერტ შუფი დაესწრო. სემინარის ფარგლებში ბელგიური ბიზნესდელეგაცია 6 სტარტაპს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელგიურმა ბიზნესდელეგაციამ ტექნოპარკი დაათვალიერა. მათი ნაწილი თბილისის შემდეგ ბათუმში ადგილობრივ კომპანიებთან გამართავს შეხვედრებს.