საქართველოში 1992 წლამდე აშენებული შენობები არ შეესაბამება დღევანდელ სტანდარტებს

7-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისი შესაძლებელია ერთ დიდი სასაფლაოდ გადაიქცეს.

ამის შესახებ მენაშენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა რადიო "პალიტრას" გადაცემა "საქმეში" განაცხადა.

მისი თქმით, 7 ბალი ძალიან ძლიერი ბიძგებია და ძველ, ისტორიულ ნაწილს მთლიანად გაანადგურებს.

"1990 წლის დასაწყისადმე თბილისში ნაკლებ ბალიანობას ანგარიშობდნენ. მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში, სომხეთში მიწისძვრა მოხდა და ქალაქი სპიტაკი დაინგრა, ამიერკავკასიის ზონას სეისმური ანგარიშის ნორმები შეეცვალა და 8 ბალზე გადავიდა. ეს ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ არ შეიძლება, რომ ეს მოსახლეობას არ ვუთხრათ. 1992 წლამდე დაპროექტებული და აშენებული შენობები არის ნაკლებ ბალიანობაზე გათვლილი. დღეს რომ ექსპერტიზა ტარდებოდეს, ეს შენობები შემოწმებას ვერ გაივლიან და სეისმურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ. 1992 წლამდე აშენებული შენობები არ შეესაბამება დღევანდელ სტანდარტებს. ასეთი შენობა ძალიან ბევრია ქალაქში. თბილისი, ჩემდა სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთი დაზიანებული ქალაქია”, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.

მენაშენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიწისძვრის შემდგომ განვითარებულ პრობლემებზეც ისაუბრა და 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრა გაიხსენა.

”2002 წელს, როდესაც თბილიში ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო, მაშინ სერიოზულად დაზიანდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოსახლეობისთვის ეს შეუმჩნეველი ფაქტია, რომელსაც ნელი მოქმედების პრობლემა ეწოდება. მაშინ დაზიანდა კანალიზაცია, წყლის მილები და სწორედ ამ პროცესების შემდეგ დაიწყო შენობების სწრაფი ტემპით დაზიანება”, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი შენობების სეისმომედეგობა 8 ბალზეა გაანგარიშებული. როგორც მენაშენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” აღნიშნა, საქართველოში ძალიან კარგი კონსტრუქტორები არიან, შესაბამისად, დამკვეთმა უნდა მიმართოს კონსტრუქტორს და გააკეთოს სწორი კონსტრუქციული პროექტი.