ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეკონსტრუქციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კოშკის რეაბილიტაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადგილობრივების განცხადებით , კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს იერსახე ეცვლება და ამ სახით მისი რესტავრაცია დაუშვებელია.

,,ნიკო ნიკოლაძის კოშკი არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ისტორიული ძეგლი ამ ქალაქში, რომლითაც ფოთელები ვამაყობდით. არ ვიცი, ვინ გასცა ბრძანება ასეთი სახით აღდგენილიყო ის, მაგრამ კარგი იქნებოდა ქალაქის საზოგადოების აზრი მოესმინათ და შემდგომ მიეღოთ გადაწყვეტილება მისი აღდგენის თაობაზე. მიმაჩნია, რომ ისტორიულ ძეგლს ახალი დეტალები არ უნდა შევმატოთ, ის იმიტომაა ისტორიული ძეგლი, რომ პირვანდელი სახით უნდა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა მაია ხომერიკმა.

არქიტექტორი ნუგზარ ტუღუში ამბობს, რომ კოშკი მეჩვიდმეტე საუკუნის ძეგლია და ამიტომ მას ძალიან ფაქიზად უნდა მიუდგნენ. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშოების დაწყებამდე უნდა მომხდარიყო პროექტის საჯარო განხილვა, რათა პროექტის ხელმძღვანელებს მოესმინათ და გაეთვალისწინებინათ ხალხის აზრი.

,,ძეგლს უნდა ჰქონდეს ის იერსახე, რომელიც მას ჰქონდა ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე. რეაბილიტაციაც ისე უნდა ჩაუტარდეს, რომ იყოს პირვანდელთან მიახლოებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ ძეგლს ემუქრება ვთქვათ განადგურება, ამიტომ შეიძლება იქ ფანჯრები გამოიცვალოს, შეიძლება, თანამედროვე მასალაც შეტანილ იქნას, ბეტონიც იხმარონ, არმატურა, რკინაბეტონიც, მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს მის იერსახეზე. ფოთელებისთვის ეს არ უნდა გახდეს თანამედროვე რეაბილიტირებული შენობა. ნიკოლაძის კოშკი მე-17 საუკუნის ძეგლია. ის უძველესი ციხე-სიმაგრე იყო. ნიკოლაძემდე მოხდა მისი ერთი სართულის დაშენება რუსული სტილის გუმბათით, ნიკოლაძემ ეს გუმბათი მოხსნა და ორი სართული დააშენა. საბოლოო სახე მან მიიღო მეოცე საუკუნის დასაწყისში. აი იმ სახეს მაქსიმალურად უნდა მივუახლოოთ და ისტორიული ღირებულებები არ უნდა დაიკარგოს“, - განაცხადა ნუგზარ ტუღუშმა.

კულტურის სამინისტროს შუამდგომლობით, პროექტის განხორციელების ვალდებულება ,,ქართუ ჯგუფმა“ აიღო. პროექტი კი გამარჯვებულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოავლინა. სამუშაოებს ,,ქართუ ჯგუფის“ დაკვეთით ფირმა ,,ტაოტბელი“ ასრულებს. ფირმა ,,ტაოტბელის“ დამფუძნებელი რამაზ ებრალიძე ამტკიცებს, რომ კოშკს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება.

,,კოშკს პირვანდელი სახე არ დაეკარგება. შენობის ზედა ფლიგელი ჩვენ ნალესობისგან გავათავისუფლეთ, შიგნით დაგვხვდა აგური, ეტყობა წინა რესტავრაციის დროს იყო გაფუჭებული, დაზიანებული და შელესილი, ამიტომ გადავწყვიტეთ იგივე ნალესობა გაგვეკეთებინა. ამ წუთში თეთრი ფერისაა, მაგრამ ეს არის ფითხი, რომელიც ნესტგამძლეა, შემდგომ კი შეიღებება ისე, როგორც კოშკს უხდება. პროექტში თანამედროვე ელემენტებიც არის გათვალისწინებული. მე ყველა ფოთელს მოვუსმენ, მოვიდნენ და თავიანთი შეხედულებები გამიზიარონ, მათ შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა რამაზ ებრალიძემ.