”კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება 5 800 000 ლარით მცირდება”

2016 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება 5 800 000 ლარით მცირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ განუცხადა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტში დღეს შეტანილი ცვლილებების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმუშევრობა და სამუშაო ადგილების შექმნა თბილისის მერიისთვის პრიორიტეტი არ არის, რადგან ეკონომიკური განვითარების პროგრამას მილიონ ლარამდე თანხა მოაკლდა. აბესაძის შეფასებით, მერიისათვის ასევე პრიორიტეტს არ წარმოადგენს ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, რადგან ეს მუხლიც 660 ათასი ლარით შემცირდა, კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება კი 5 800 000 ლარით.

„სამაგიეროდ, ეს თანხები მოხმარდება იმ მუხლების დაფინანსებას, რომლებიც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიზნებისათვის დაიხარჯა. სწორედ ამიტომ ამ ბიუჯეტის პროექტს ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. ეს იყო ბიუჯეტი, სადაც წარმდგენი ციფრებით არ გვესაუბრებოდა და მთავრობის წარმომადგენლებს ჩვენს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ. ეს უბრალოდ იყო თვითგადარჩენის ბიუჯეტი, იმისთვის, რომ თბილისის მერიას დანარჩენ თვეებში ელემენტარული დაფინანსება ჰქონდეს“, - განაცხადა აბესაძემ.