რა ქონებას ფლობენ ახალი პარლამენტარები

მე-9 მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ოთარ დანელია დაიკავებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

2016 წლის 23 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე მისმა შემოსავალმა 75 000 ლარი შეადგინა.

მის საკუთრებაშია ასევე 161.84 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, 35 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 265 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დაბა შინდისში, ამავე მისამართზე არსებული 602 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე დაბა შინდისში არსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლი 265 კვ. მეტრის ფართობის და 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

მოძრავი ქონების სახით კი, დანელია მსუბუქ ავტომანქანა - Mercedes Benz-ს ფლობს.

დეკლარაციის შევსების დროს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარეს „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 3 449.43 ლარი, ანაბარზე 1 333.41 ლარი, საკრედიტოზე 4 381.86 ლარი, საბავშვო ანაბარზე 7 304.27 დოლარი, ხოლო „რესპუბლიკა ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 197.44 ლარი ჰქონდა.

პარალელურად, დანელია ფლობდა 38 000 დოლარისა და 2 200 ლარის ოდენობის ფულად თანხას.

მის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე ხელშეკრულება. კერძოდ, „ბანკ რესპუბლიკაში“ არსებული საკრედიტო სესხი 200 000 დოლარის ოდენობის, რომლის გასავალმაც 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 33 455.67 დოლარი შეადგინა და „საქართველოს ბანკის“ 8 000 ლარიანი საკრედიტო ბარათი.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს, დანელია სამ საწარმოში: თბილისში მდებარე შ.პ.ს. Smart House-ში, შ.პ.ს. Mega Construction-სა და შ.პ.ს. Sky Motors-ში პარტნიორად არის რეგისტრირებული, თუმცა, საწარმოს საქმიანობით მას შემოსავალი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არ მიუღია.

ოთარ დანელიას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მისი მეუღლის, მერი ჩიქობავას შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში, საპატრულო პოლიციაში, კადრების სამმართველოში მუშაობისას 14 584.80 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი