აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე დოლარი დაეცა, ოქრო გაძვირდა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარე შედეგების ფონზე მსოფლიოს ფინანსური ბაზრები და დოლარის კურსი დაეცა.

ამ დროის მონაცემებით, ევრო დოლართან 2%-ით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,12 დოლარი შეადგინა, 1%-ით გამყარდა ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში.

3%-ით დაეცა დოლარის კურსი იაპონურ იენთან, 2%-ით შვეიცარიულ ფრანკთან.

ამასთან ერთად, ერთბაშად 5%-ით გაიზარდა ოქროს ღირებულება და უნციაზე 1,337 დოლარი შეადგინა. „ბიბისის“ ცნობით, 24 ივნისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოქროზე ფასი ერთბაშად ამდენით გაიზარდა. 24 ივნისს, „ბრექსიტის“ რეფერენდუმის ფონზე ოქრო ერთბაშად 8%-ით გაძვირდა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვების ინფორმაციის ფონზე, 5,4%-ით დაეცა ტოკიოს ნიკკეის ინდექსი, 4,3%-ით S%P-ის ინდექსი, 3,6% დაეცა Dow Jones-ის ინდექსი.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ინვესტორები მომავალში ინდექსების გაუმჯობესების იმედს გამოთქვამენ.