მექსიკური პესო რეკორდულად დაეცა

აშშ-ში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მექსიკური პესო დოლართან მიმართებაში ერთბაშად 12,3%-ით დაეცა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

პესოს ბოლოს ყველაზე მკვეთრი ვარდნა 1994 წელს ჰქონდა, როცა ქვეყანაში დევალვაცია დაფიქსირდა.

რამდენიმე თვის წინ, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელს ააგებს და მკვეთრ ბრძოლას გამოუცხადებს არალეგალურ იმიგრაციას აშშ-ში. ამ განცხადების შემდეგ მექსიკური პესო მუდმივად განიცდის რყევებს დოლართან მიმართებაში.

ბოლო პროგნოზებით, ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია. ამერიკული პრესის ცნობით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, თუმცა, მის მთავარ მეტოქეს ჰილარი კლინტონს გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

ჰილარი კლინტონს ამისთვის სჭირდება გამარჯვება ისეთ საკვანძო შტატებში, როგორიცაა მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.

აშშ-ში რიგით 45-ე პრეზიდენტის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.