საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და Microsoft-ი აცხადებენ Connectivity Cooperation ინიციატივას

ეს შეთანხმება მოიცავს სკოლებში Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვას და სწავლა-სწავლების ტექნოლოგიების ინტეგრაციის მხარდაჭერას

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ და Microsoft-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს სკოლებში Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვაში დახმარების გაწევას. Microsoft-ი, ასევე, მხარს დაუჭერს მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს საგანმანათლებლო კონტენტით, სასწავლო მასალებით და ექსპერტიზით, რათა ხელი შეუწყოს ინტერნეტით სარგებლობას და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლებისა და სწავლის პროცესში.

„დღეს მნიშვნელოვან დოკუმენტს ვაწერთ ხელს. კომპანია Microsoft-თან მრავალი წლის განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობა გვაკავშირებს ინტერნეტიზაციის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ინოვაციების მხარდაჭერის, სკოლის მასწავლებლების მომზადების კუთხით. ეს ხელს უწყობს ახალი პრინციპების განვითარებას, თამაშების გამოყენებას სწავლისთვის. Microsoft-ი საქართველოს მთავრობას, როგორც კარგი პარტნიორი, მხარს უჭერს ამ მიმართულებით“, განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ვმუშაობთ, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა მიაღწიოს მეტს“, განაცხადა ალექსანდრე ტოლედო ლეიტმა (Alexander Toledo Leite), Microsoft Connectivity-ის გლობალურმა დირექტორმა. „უფრო საიმედო და ხელმისაწვდომი კავშირის უზრუნველყოფით, უფრო მეტ მასწავლებელსა და მოსწავლეს ექნება წვდომა სასწავლო რესურსებსა და ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობის შესაძლებლობაზე”.

სკოლების ინტერნეტიზაციის ინიციატივის ფარგლებში, Microsoft-ი მხარს უჭერს Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვას საჯარო სკოლებში. პროექტის საწყის ფაზაში Microsoft-ი უფასოდ დანერგავს Wi-Fi ტექნოლოგიას ქვეყნის დიდი და პატარა ქალაქების 32 სკოლაში 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. განათლების სამინისტროს ხანგრძლივი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტით უზრუნველყოს საქართველოს მთელი სასკოლო მოსახლეობა, მასწავლებლების და მოსწავლეების ჩათვლით. ამ სკოლებიდან მრავალს აქვს წვდომა ინტერნეტთან, თუმცა არ აქვთ Wi-Fi ინფრასტრუქტურა.

"ამ პროექტით მასწავლებლები და მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტთან დაკავშირებას სკოლაში, რაც მოხსნის ცოდნასთან წვდომის ბარიერს. WiFi Connectivity ხელშეკრულება, აგრეთვე, მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის ქსელთან ერთად მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში და იმ უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რომელსაც 21-ე საუკუნის სამუშაო გარემო მოითხოვს", განაცხადა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გენერალურმა მენეჯერმა მაიკლ კოგელერმა,

Microsoft-ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან უკვე 7 წელია თანამშრომლობს და მხარს უჭერს განათლების სისტემას სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიმართულებით. Microsoft-ი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ატარებს ტრენინგებს და კონფერენციებს მასწავლებლებისთვის, აწყობს სემინარებს და კონსულტაციებს განათლების პოლიტიკის გამტარებლებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიებზე. თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს კონცეპტის დადასტურების პროექტებს სხვადასხვა მასშტაბური ინიციატივის, მათ შორის, პირველკლასელთა კომპიუტერის პროგრამის მხარდასაჭერად, ქლაუდ სერვისების დანერგვას ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისთვის, სასკოლო კომპიუტერების განახლებას უახლესი ოპერაციული სისტემით და საოფისე პროგრამებით, ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარების მხარდაჭერას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.(R)