”აშშ-ის ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა საქართველოზე ცუდი გავლენა იქონიოს”

გაგვიჭირდება ამერიკაში ჩავიდეთ და სამუშაო ადგილები თუნდაც ლეგალურად ვიშოვოთ.

ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ბესო ნამჩავაძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარ ზუსტად განსაზღვრა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან რთულია. თუმცა ექსპერტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებზე დაყრნობით ამბობს, რომ აშშ-ის ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, საქართველოზე ცუდი გავლენა იქონიოს.

”მის განცხადებებს რომ მივყვეთ, ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგია. ნათქვამი აქვს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააუქმებს, შეზღუდავს ჩინეთთან ვაჭრობას, რაც მთლიანად მსოფლიოს დააზარალებს. ჩვენთვის ამას შეიძლება მინიმალური გავლენა ჰქონდეს იმიტომ, რომ ამერიკა ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი არ არის. იდეა, რომ ჩვენ გვქონოდა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამერიკასთან, იდეის დონეზე რჩება, ამ კუთხით არაფერი რეალური არ გამოვლენილა. ეს იმდენად შორეული პერსპექტივაა, რომ შეიძლება ტრამპი იმ დროს აღარც კი იყოს პრეზიდენტი. ტრამპის ერთ-ერთი იდეა იყო პოლიტიკურად იზოლაციონიზმი, ჩაკეტვა და ნაკლები ყურადღება ჩვენნაირ ქვეყნებზე არამარტო სამხედრო კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით. ჩვენთან ამერიკიდან ბევრი ფული შემოედინება, იქნება ეს გრანტები თუ კრედიტები. თუ ამერიკის პოლიტიკა ისე წავა, რომ ეს ფული ამერიკელ ხალხს მოხმარდება, მაშინ ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. წინა საარჩევნო დაპირებებიდან არაფერი მახსენდება ისეთი, რაც ჩვენს ქვეყანას გამოადგებოდა. დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება იყო მიგრაციის შეზღუდვა. ამერიკაში ბევრი ქართველი ჩადის. ალბათ, ახლა დეპორტაცია არ მოხდება, თუნდაც არალეგალების, მაგრამ გაგვიჭრდება ამერიკაში ჩავიდეთ და სამუშაო ადგილები თუნდაც ლეგალურად ვიშოვოთ”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ბესო ნამჩავაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსია, რომელიც არ მიჰყვება რაღაც იდეოლოგიას.

"რომელ იდეასაც უფრო პოპულარულად მიიჩნევს, იმას განახორციელებს”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.