აჭარაში სერვისის კვლევა მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს მომხმარებელთა კმაყოფილების დონისა და მომსახურების ხარისხის კვლევას. კვლევის მიხედვით რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასება მიმდინარეობს.

კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილ ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი წლის ბოლოს წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“.

ობიექტების შეფასებისას მთავარი პროცენტული მაჩვენებელი უჭირავს სამენოვან ონლაინ გამოკითხვას, რომელის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება პირველ დეკემბრამდე დააფიქსიროს. კითხვარი განთავსებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდსა Gobatumi.com (goo.gl/ZxiiD2) და facebook გვერდზე visitbatumi. გარდა ამისა, კითხვარის ბეჭდური ვერსია გადანაწილებულია რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, სადაც მომხმარებლების უმრავლესობა უცხოელი ტურისტია.

ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შეფასებისას ონლაინ გამოკითხვას ემატება ტურისტული სააგენტოების, სექტორში მოქმედი კერძო კომპანიების გამოკითხვები და სოციალური მედიაში (booking.com, tripadvisor, facebook) გავრცელებული შეფასებები. ტურისტული სააგენტოს შეფასებისას კი სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო კომპანიების გამოკითხვა.

ონლაინ კვლევის პრეზენტაციას 9 ნოემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის რეგიონული საბჭოს წევრები დაესწრნენ. საბჭოს შემადგენლობაში შედის რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და კომპანიების წარმომადგენლები.

კითხვარის შევსება შესაძლებელია არსებულ ბმულზე - goo.gl/ZxiiD2.