როგორ დააგროვა ქონება დონალდ ტრამპმა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის რესპუბლიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის ქონება „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით 4,5 მილიარდი დოლარია.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ქონება ორი ძირითადი წყაროს მეშვეობით დააგროვა: დეველოპერული ბიზნესი და საკუთარი სავაჭრო ნიშნის მმართველობა. ტრამპის მფლობელობაში ყველა ნაგებობა არაა, რომელთა ფასადებს მისი სახელი ამშვენებს: ბიზნესმენი ჰყიდის მისი გვარის გამოყენების უფლებას უცხო კომპანიებზე. გარდა ამისა, სკანდალური ბიზნესმენი მთელი 40-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთხელ ეცადა, სხვადასხვა დარგში შესულიყო - არყის წარმოებით დაწყებული, ავიაგადაზიდვებით დამთავრებული. მაგრამ არც ერთი წამოწყება წარმატებული არ გამოდგა.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს, ტრამპის პრაქტიკულად მთელი ფული უძრავ ქონებაშია ჩადებული, მაგნატის ქონების ზუსტი დათვლა შეუძლებელია. თავად მილიარდერი ამბობს, რომ მისი ქონება 10 მილიარდი დოლარია, თუმცა „ფორბსის“ მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ქონება 4,5 მილიარდი დოლარია, გამოცემა Fortune-ის ცნობით - 3,72 მილიარდი დოლარი, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით კი ტრამპი მხოლოდ 2,9 მილიარდი დოლარის მფლობელია.

კანდიდატის წლიური შემოსავალიც დისკუსიის თემაა. თავად ტრამპი აცხადებს, რომ 2014 წელს 362 მილიონი გამოიმუშავა, მაგრამ Fortune-მა დაადგინა, რომ ეს გახლავთ არა შემოსავალი, არამედ მოგება უძრავი ქონების რამდენიმე ბიზნესიდან. თუ ამას კიდევ სხვადასხვა შემოსავალს დავუმატებთ, 2014 წელს ტრამპის პირადმა შემოსავალმა დაახლოებით 576 მილიონი დოლარი შეადგინა.

თუ ტრამპის მიერ 2016 წლის მაისში წარდგენილ დეკლარაციას ვენდობით, დეველოპერმა საერთო ჯამში ბირჟაზე გასაყიდ აქციებში 91,5 მილიონი დოლარი ჩადო, აქედან 8,5 მილიონი დოლარი დამოუკიდებლად ნაყიდ ქაღალდებზე მოდის, 73 მილიონი დოლარი კი კომპანია ბაირონის 11 ფონდზე, დანარჩენი კი ჯონ პოლსონის ჰეჯ-ფონდისთვისაა მინდობილი.

ტრამპის აქციების საკუთარი პორტფელი ორიგინალობით არ გამოირჩევა. მასში წარდგენილია Apple, Microsoft, PepsiCo, McKesson, Nike, Johnson & Johnson, General Electric და სხვა მსხვილი ამერიკული ბრენდების ფასიანი ქაღალდები.