”სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება კორუფციულ სისტემას შექმნის”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის აზრით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შემოღებული სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება კორუფციულ სისტემას შექმნის. „გუშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას, ტესტირებას შემოიღებენ, რაც სინამდვილეში 90-იან წლებში კარგად აწყობილი კორუფციული სისტემის, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ე. წ ტეხასმოტრის მსგავსი იქნება. საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია, საიდანაც 44% 20 წელზე მეტი წლოვანებისაა და 90%-მდე კი - 10 წელზე მეტის და ასევე მეორადი ავტომობილები. შესაბამისად, ასეულობით ათასი ავტომანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, რაც ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით არის განპირობებული, ასევე ოჯახებს შემოსავლები არ აქვთ იმდენი, რომ უკეთესი ავტომობილები შეიძინონ. ამ სიტუაციაში ილუზია იმისა, რომ ასიათასობით ავტომობილი გაჩერდება და ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან, არ არსებობს. უბრალოდ, ეს იქნება მთლიანად კორუმპირებული, კორუფციული სისტემა და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ოჯახების წევრების დასაქმებაზე, მათი შემოსავლების გაზრდაზე და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავდეს, პირიქით ამ ოჯახების ბიუჯეტიდან ქრთამის თუ მოსაკრებლის სახით დამატებითი თანხები იქნება ამოღებული. რა თქმა უნდა, ამასვე ადასტურებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა, რომლის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა და მოსახლეობა დამეთანხმება იმაში, რომ ქალაქებში მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვერანაირ ტექნიკურ დათვალირებას ვერ გაივლიდნენ თუ ეს არ იქნებოდა ფორმალური პროცესი, რომელსაც მთავრობა უბრალოდ, ფორმალობის შესანარჩუნებლად აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან და კორუფციულ სისტემას მივიღებთ, რომლითაც ჩინოვნიკები გამდიდრდებიან და მოსახლეობა დაიბეგრება.