”ამერიკა ვერ ცვლის ლარს, ჩვენ უნდა ვუშველოთ ლარს”

თუ ჩვენი დიპლომატია იქნება ეფექტური და თანმიმდევრული, შეიძლება საქართველომ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა მიიღოს.

ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიგა ბედინეიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

”ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია ვაჭრობის შეზღუდვასა და იზოლაციონალიზმზე ააწყო. კამპანია მიმართული ჰქონდა იქითკენ, რომ ამერიკული სამუშაო ადგილები "უკან უნდა დაუბრუნდეს" ქვეყანას. ჩვენ ამერიკელებს სამუშაო ადგილებს ნამდვილად ვერ წავართმევთ. ტრამპი ამბობს, რომ ის სავაჭრო გარიგებები, რომელიც აშშ-ს სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს, დამაზიანებელია ამერიკისთვის. საქართველო ამერიკული მასშტაბიდან გამომდინარე, იმდენად პატარაა, რომ თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ისეთივე დიდი ყურადღება არ დაეთმობა როგორც გიგანტებს. თუ ჩვენი დიპლომატია იქნება ეფექტური და თანმიმდევრული შეიძლება საქართველომ თავისუფალი ვაჭრობა მიიღოს”, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

ექსპერტმა დოლარის ლართან მიმართებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპის პოლიტიკა დოლარის პოზიციებისთვის კარგი იქნება.

"შეიძლება ხვალ დოლარის მდგომარეობა ცუდი იყოს, მაგრამ როგორც ფუნტი დაეცა და შემდეგ წამოიწია, ისევე იქნება დოლარზე. ვფიქრობ, ამას ხალხი მიეჩვევა. ლარი კიდევ სხვა რაღაცებზე არის დამოკიდებული. მართალია ჩვენ ლარს დოლართან მიმართებაში ვუყურებთ, მაგრამ მისი მდგომარეობა რეგიონში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. მარტო დოლარის გაძლიერებით, ლარის სისუსტეს ვერ ავხსნით. ამერიკა ვერ ცვლის ლარს, ჩვენ უნდა ვუშველოთ ლარს”, - ამბობს ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი.