”დონალდ ტრამპის ეკონომიკური კურსი გავლენას მოახდენს დოლარის კურსზე”

რადგან დოლარი საერთაშორისო ანგარიშსწორების ძირითად ვალუტას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ტრამპის ეკონომიკური კურსი დიდ გავლენას მოახდენს დოლარის კურსზე. 

ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში ამერიკას მაღალი წილი არ უკავია, დაახლოებით 5-6%-ს დონეზეა. 

”ტრამპის ეკონომიკური კურსი გავლენას მოახდენს ვალუტაზე და შესაბამისად ჩვენ მოვლენებს ინტერესით უნდა ვადევნოთ თვალყური. პირველ ეტაპზე ბირჟებზე მყარი აქტივის ოქროს ფასი გაიზარდა და დოლარის თანაფარდობა სხვა ვალუტებთან რამდენადმე შემცირდა. ეს გარკვეულწილად გაურკვევლობის მომენტიც არის. ვფიქრობ, ამერიკასა და მსოფლიო ეკონომიკას არ ემუქრება ისეთი ფორსმაჟორული გარემო, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს განვითარებისა და ურთიერთდამოკიდებულების ვექტორი”, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი დონალდ ტრამპის ერთ-ერთ გამოსვლაზე საუბრობს, სადაც მან თავისი ეკონომიკური ხედვა ჩამოაყალიბა.

”დონალდ ტრამპის ეკონომიკური ხედვა ითვალისწინებს ამერიკის საქმიანი წრეებისა და საქმიანი ფენის ინტერესების დაცვას. აღსანიშნავია, რომ ის იმუშავებს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებაზე და ვფიქრობ, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკის ეკონომიკის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული”, - ამბობს სოსო არჩვაძე.