რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში ფართომასშტაბიანი გამწვანების აქცია გაიმართა. აქციას პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე, პრობაციონერებთან ერთად შეუერთდა. რუსთავის პროკურორმა ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პრობაციონერებთან ერთად 50-მდე კიპარისის ნერგი დარგა.

აქციაში მონაწილეობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი ბეგაძემ და პაატა მხეიძემ მიიღეს.

,,საქართველოს პროკურატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს პროექტს ,,საზოგადოებრივი პროკურატურა“, რაც გულისხმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას, დანაშაულის პრევენციას და არასრულწლოვნებთან გარკვეული აქტივობების დაგეგმვას. დღევანდელი ღონისძიება არის ამის დასტური, პრობაციის სამსახურთან და ქალაქ რუსთავის მერიასთან ერთად, დღეს მონაწილეობა მივიღეთ გამწვანების აქციაში, რომელშიც ასევე ჩართულები არიან პრობაციონერები - კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდები, რაც დარწმუნებული ვარ, დადებითი კუთხით გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს მათი საზოგადოებასთან დაახლოების მიმართულებითა და რესოციალიზაციის კუთხით“,- განაცხადა, რუსთავის რაიონულმა პროკურორმა კონსტანტინე სირაძემ.

როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში ხეების დარგვის სეზონის დასრულებამდე, ქალაქის ქუჩებსა და პარკებში რამდენიმე ათასი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი, მათ შორის, კიპარისი, პაულონია, ელდარის ფიჭვი და კაკალი დაირგვება.