ტრამპმა დოლარი შეარყია, მაგრამ ლარს "ვერაფერი დააკლო"

ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევამ მსოფლიო ბირჟებზე დიდი რყევა გამოიწვია, აშშ დოლარის კურსი ყველა მსხვილ ვალუტებთან მიმართებით ეცემა.

გაიაფდა ნავთობი, მაგრამ გაძვირდა ოქრო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გლობალური სავალუტო ცვლილება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე უმნიშვნელოდ აისახება. შეიძლება ითქვას, რომ ლარი კვლავ შიდა ფაქტორების ტყვეობაში რჩება.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, პოლიტიკური პროცესის გავლენა დოლარზე დიდხანს არ გასტანს და მალე ამერიკული ვალუტა პოზიციებს გაიუმჯობესებს. ჯერჯერობით კი დოლარის კურსი რამდენიმე პუნქტით დაეცა. როგორც უცხოური მედია წერს, ამ დროისთვის, ევრო დოლართან 2%-ით გამყარდა, 1%-ით გაძლიერდა ბრიტანული ფუნტიც. 3%-ით დაეცა დოლარის კურსი იაპონურ იენთან, 2%-ით შვეიცარულ ფრანკთან. გარდა ამისა, 5%-ით გაიზარდა ოქროს ფასი და 1 უნციაზე 1337 დოლარი შეადგინა.

"ბიბისის" ცნობით, 24 ივნისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძვირფას ლითონზე ფასი ერთბაშად ამდენით გაიზარდა. ამ 5 თვის წინათ, "ბრექსიტის" რეფერენდუმის ფონზე, ოქრო ერთბაშად 8%-ით გაძვირდა.

უკიდურესი პესიმიზმი ჩანს ცნობილ ეკონომისტ, ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ კრუგმანის შეფასებაში. მან უცხოურ გამოცემასთან საუბრისას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სათავეში ტრამპის მოსვლა "ძალიან ცუდ ამბად" შეაფასა და ამერიკულ ეკონომიკას "აპოკალიფსი" უწინასწარმეტყველა. მისი ვარაუდით, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ფინანსური ბაზრები, შესაძლოა, აღარასდროს გამოცოცხლდეს.

კრუგმანისგან განსხვავებით, უცხოელი ანალიტიკოსების უმრავლესობა სავალუტო ცვლილებას მოკლევადიან პრობლემად მიიჩნევს. ამ მოსაზრებას ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ლარის სამომავლო ტენდენციაზეც, რაც, მათი აზრით, ამჯერად გლობალური პროცესების მიღმა დარჩება.

"ადმირალ მარკეტის" ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით წიქარიძე ფიქრობს, რომ ლარი პოზიციას უახლოეს პერიოდშივე გაიუმჯობესებს.

"რეაქცია უკვე არის, დოლარი ევროსა და სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში ცოტათი დაეცა. დიდი ცვლილება არ მომხდარა იმასთან შედარებით, რისი მოლოდინიც უცხოელ ანალიტიკოსებს ჰქონდათ. უფრო სერიოზული გავლენა მან საფონდო ბირჟებსა და სხვა სექტორზე მოახდინა.

რაც შეეხება ნავთობის ფასს, რასაკვირველია, დოლარზეა დამოკიდებული, მაგრამ მიწოდება გაიზარდა, ჭარბი მარაგია და ნავთობის ღირებულებაზე ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს. პოლიტიკური მოვლენები და ტექნოლოგიები ვითარდება ისე, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება, 40 დოლარზეც ჩამოვიდეს.

მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ტრამპის მოსვლა რადიკალურად ვერ შეცვლის ამერიკის პოლიტიკას. მე რატომღაც მგონია, მისი გაპრეზიდენტება ამერიკის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აშშ-ის პრეზიდენტის უკან მძლავრი სისტემა დგას და შეცდომის დაშვების უფლებას არ მისცემენ", - ამბობს წიქარიძე.

რაც შეეხება ლარის კურსს, მისი მდგომარეობა აბსოლუტურად მომდინარეობს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან და საგარეო ფაქტორის გავლენა მინიმალურ დონეზეც არ შეიმჩნევა.

"აუცილებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში გაკეთდეს სწორი ეკონომიკური სვლები. მოკლევადიან პერიოდში კი, დიდი მნიშვნელობა აქვს ბიუჯეტის შემცირებას ხარჯვით ნაწილში. არ მესმის, მთავრობა რატომ არ აკეთებს. რეალურად არანაირი წინსვლა არ იქნება, თუ ხარჯს არ შეამცირებენ. ამით ხალხი ამოისუნთქავს და ეკონომიკას რაღაც პერსპექტივა გაუჩნდება.

ტრამპი რეალურად მოდის ლოზუნგით, რომ შეამცირონ ხარჯვები და იგივე შეიძლება აქაც გაკეთდეს. ოპტიმიზმის საფუძველი გვექნება, თუკი სწორ ნაბიჯს გადავდგამთ და გაზრდილი ხარჯის შემცირებას დავიწყებთ, რომ გამოთავისუფლებული თანხა სხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე გადამისამართდეს", - აცხადებს დავით წიქარიძე.

სპეციალისტების შეფასებით, ლარზე საერთაშორისო ფაქტორის გავლენის ალბათობა მინიმალურია. მით უმეტეს, რომ დოლართან დაკავშირებული ცვლილება მოკლევადიან პერიოდშიც შეიძლება მოგვარდეს. ფინანსისტ ვახტანგ ხომიზურაშვილის ვარაუდით, დოლარი ფსიქოლოგიურ გავლენას განიცდის და მალე თავის კალაპოტში ჩადგება.

"ნებისმიერი არჩევნები ქვეყნის წამყვან ვალუტაზე გავლენას ყოველთვის ახდენს. მით უმეტეს, ძალიან დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ამერიკაში და დოლარის არსებული კურსიც ამ გავლენას ასახავს, გარკვეულწილად, მოლოდინზეა აქ საუბარი.

ამერიკის ეკონომიკური სისტემა ამით არ იცვლება. ახალი პრეზიდენტი არ ნიშნავს, რომ შეიძლება პოლიტიკური ან თუნდაც ეკონომიკური რისკი გაჩნდეს. პოლიტიკური სისტემა აშშ-ში იმდენად დარეგულირებულია, რომ საფრთხე თითქმის არ იკვეთება.

დოლარი ფსიქოლოგიური წნეხის შემდეგ, მალევე თავის კალაპოტში ჩადგება და ამას უახლოეს დღეებშიც დავინახავთ. არაფერი განსაკუთრებული ზეგავლენა არ იგრძნობა, როდესაც ბრიტანეთი ევროზონიდან გავიდა, რაღაც პერიოდში ევროც შეირყა, მაგრამ მალე ძველ კალაპოტს დაუბრუნდა", - აცხადებს ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ ქართულ ეკონომიკაზე საერთაშორისო პროცესის ზეგავლენა მიზერული იქნება, რადგან ჩვენ არა ვართ ინტეგრირებული საკმარის დონეზე არც მსოფლიო საფინანსო სისტემაში და არც სავაჭრო ურთიერთობებში.

"გავლენა ქართულ ეკონომიკასა და განსაკუთრებით ლარზე უმნიშვნელო იქნება. ჩვენს ბიზნესს არ აქვს ისეთი კაპიტალდაბანდება ამერიკის საფონდო ბირჟებში, რომ რაიმე სახის ზარალი განიცადონ. ლარის სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ შიდა ფაქტორებზეა დამოკიდებული. აქ არის ორი მომენტი: ერთია ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც არ არის ეფექტური, მეორეა - მთავრობის სტრატეგია, ანუ რამდენად შექმნის ხელისუფლება ხელსაყრელ გარემოს, რომ საინვესტიციო ნაკადი დაიძრას ეკონომიკის რეალურ სექტორში.

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ განვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რისთვისაც მთელი რიგი რეფორმებია გასატარებელი. ჩვენ იმდენად პრობლემური ეკონომიკა გვაქვს, რომ მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე სავალუტო ცვლილებებს ქართულ ვალუტაზე არანაირ რეზონანსი არ ექნება", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ცვლილების პარალელურად, უცხოურ ბაზრებზე ოქროს ღირებულება ერთბაშად 5%-ით გაიზარდა და 1 უნციაზე 1337 დოლარს მიაღწია, ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძვირფასი ლითონი ერთბაშად გაძვირდა.

"ბულმბერგის" ინფორმაციით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ინფორმაციის ფონზე, 5,4%-ით დაეცა ტოკიოს "ნიკეის" ინდექსი, 4,3%-ით - "სტანდარტ ენდ ფურის" ინდექსი, "დოუ ჯონსმა" კი 3,6% დაკარგა.

"ბლუმბერგის" სავალუტო ბირჟაზე, ბოლო მონაცემებით ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,4550-ის დიაპაზონში მოძრაობდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსიც ამ ფარგლებში - 2.4546. საქართველოს ზოგიერთ კომერციულ ბანკში კურსი 2.49-საც აღწევს, ხოლო სავალუტო პუნქტებში ეს მაჩვენებელი 2,46 ლარის ფარგლებშია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"