ე.წ. მესაზღვრეებისთვის ბაჟის გადახდის გამო, გალელები ფეიხოს ზუგდიდში რეალიზაციისგან თავს იკავებენ

გალის რაიონში გლეხებმა ფეიხოს რეალიზაცია პრობლემების ფონზე დაიწყეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, 1 კგ ფეიხოს გალის ბაზარში 30 რუბლად აბარებენ, რაც 1.15 ლარს შეადგენს. ზუგდიდის ბაზარში ფეიხოს ფასი კი 1,50-დან 3 ლარამდეა. თუმცა პროდუქტის ღირებულება დამოკიდებულია მის ხარისხზე.

განსხვავებული ფასის მიუხედავად, გალელები პროდუქტის სამეგრელოში გადმოტანას არ ამჯობინებენ, რადგან ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. მესაზღვრეებისთვის კილოგრამ ტვირთზე ბაჟის სახით, დაახლოებით ერთი ლარის გადახდა უწევთ, მთლიანობაში კი, საკმაოდ დიდი თანხა გროვდება.

"ფეიხო კი არა, უკვე არცერთი პროდუქტის გადატანა არ ღირს. იქაც თითქმის იგივე ფასებია, ამას თუ დავამატებთ ბაჟის ფულს, ჩვენ მოგება არც კი გვრჩება, არადა, ჩვენი ფეიხოას ხარისხი ბევრად უკეთესია და 3 ლარშიც კი ჩაიბარებდნენ", - ამბობს 48 წლის ნუნუ, რომელიც გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ცხოვრობს.

კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის თქმით, ზუგდიდის ბაზრამდე პროდუქტის მიტანა მისთვის წამგებიანია, რადგან ბევრი გადასახადი უწევს.

"350 კგ ფეიხოა გადავიტანე, ენგურის ხიდზე ბაჟის ფული გადავიხადე, ამას დაემატა ტაქსის ფული, პროდუქტი ზუგდიდის ბაზრამდე ხომ უნდა მიმეტანა და ხარჯი იმდენი გამოვიდა, რომ არ მიღირდა. ასე დაგვემართება ლიმონსა და მანდარინზეც", - ამბობს 68 წლის მერაბი.

ლალი პაპასკირი