ბიზნესით დაწყებული ახალი ცხოვრება 27-წლიანი ეკომიგრანტობის შემდეგ

რუსუდან დუმბაძემ საყვარელი საქმიანობა რამდენიმე თვის წინ საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად აქცია.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში დუმბაძემ ოჯახთან ერთად თექის სალონი გახსნა, სადაც ფაჩუჩებს, ჟილეტებს, ფარდაგებს, ქუდებსა და სხვა აქსესუარებს ამზადებენ.

დუმბაძე და მისი ოჯახი სტიქიის შემდეგ ხულოს რაიონის სოფელ კვატიიდან 1989 წელს სოფელ ჰერეთისკარში ჩამოასახლეს, სადაც მათთან ერთად კიდევ 100-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს.

„დაახლოებით 27 წელია ჩამოსახლებული ვარ. მე და ჩემმა რძალმა „სიდას“ პროექტის ფარგლებში თექის საწარმო გავაკეთეთ. პროექტის ფარგლებში მივიღეთ საკერავი მანქანები, უთო. მენეჯერისთვის ფოტოაპარატი, კომპიუტერი და მასალები“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დუმბაძემ.

ახლადშექმნილ მცირე საწარმოში მთელი ოჯახია ჩართული. თექის სალონი საკუთარ სახლში აქვთ გახსნილი, პროდუქტის რეალიზებას კი თბილისში ახდენენ. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.

„ამ პროექტის განხორციელება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 5 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და მინდოდა ჩემი ცოდნა სხვისთვისაც გადამეცა. ჩვენს მცირე საწარმოში სამი ადამიანი მყავს დასაქმებული, ჩემი რძალი მეხმარება, ასევე მშობლებიც“, - აღნიშნა დუმბაძემ.

პროექტის ავტორებმა საწარმოში თანამედროვე ტექნოლოგიებიც შემოიტანეს და თავიანთ პროდუქტს ინტერნეტითაც ყიდიან. მათი თქმით, დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

ლიკა ამირაშვილი