ალექსანდრე ჯეჯელავა - კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია.

ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” სტუმრობისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ მათი გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენს.

”ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გადაცემის წამყვანი მერაბ მეტრეველი დაინტერესდა, რატომ ერჩის განათლების მინისტრი კომბლეს, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ „კომპლესთან ორი პრეტენზია აქვს“.

”კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე განმარტებით, ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა.

”სუპერმენი“ და „სპაიდერმენი“ სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იხილეთ ასევე: რა ქონების მფლობელია განათლების მინისტრი?