ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გახსნა.

როგორც  თბილისის მერიიდან უწყებიან, სკვერები იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განახორციელა.

„რამდენიმე თვის წინ ამ ადგილზე იყო ნაგავსაყრელი. გამგეობამ გააკეთა პარკი, ჩვენ გამწვანების კომპონენტი შევიტანეთ. ჩუღურეთში ინტენსიურად ვმუშაობთ პარკების მოწყობის და გამწვანების კუთხით. 3000-ზე მეტი ნერგი ირგვება ჩუღურეთის რაიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ნერგები ასევე გადაეცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, რათა საერთო სარგებლობის ეზოები გამწვანდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკო სკამები და ურნები. პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონი კაუჩუკის რბილი იატაკით.

დღესვე ახლად გახსნილ სკვერებში გამწვანების აქცია გაიმართა. დავით ნარმანიამ და ზურაბ ჩიკვილაძემ ორივე მისამართზე ფიჭვის ხეები დარგეს.

ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, 6 ახალის სკვერი შემატა, არსებულ 30 სკვერს კი აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.