”ეროვნულ ბიბლიოთეკას ბოლო ორი წლის განმავლობაში რესტავრაციისათვის გარკვეული სახსრები გამოეყო”

ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ და მეორე კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაეცნო. უსუფაშვილის ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკას ბოლო ორი წლის განმავლობაში რესტავრაციისათვის გარკვეული სახსრები გამოეყო.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ მალე ბიბლიოთეკაში იქნება ძალიან საინტერესო ადგილები - იქნება ანბანის მუზეუმი, იქნება წიგნის მუზეუმი, რომელზეც 60 წლის წინ გალაკტიონ ტაბიძე ოცნებობდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის ხელმძღვანელობით ძალიან ბევრ სასიკეთო წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის უნიკალური მაგალითი, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაახლოებით 2-მილიონი ლარი ამ ყველაფრისთვის საკმარისი არ იქნებოდა. ძალიან კარგია, რომ ამ საქმეს მხარში უდგანან ქართველი ბიზნესმენები, სხვადასხვა კომპანიები. მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბევრი სხვა კაბინეტიც დაიწყებს ფუნქციონირებას. მათ შორის ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის ბაღში გაკეთდება სპეციალური კუთხე სამხედრო მისიებში დაღუპული ქართველების უკვდავსაყოფად”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.