პირველი ჯგუფის უსინათლო კომუნალური ვაუჩერისთვის დარიცხული 20 ლარის გამო განმარტებას ითხოვს

თბილისში, გორკის ქუჩაზე მცხოვრები პირველი ჯგუფის უსინათლო შალვა მურჯიკნელი შესაბამისი სტრუქტურებისგან კომუნალური ვაუჩერისთვის დარიცხული 20 ლარის გამო განმარტებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პირველი ჯგუფის უსინათლომ, შალვა მურჯიკნელმა განუცხადა, ახლახან მან შეტყობინება მობილურზე მხოლოდ 20 ლარის დარიცხვის შესახებ მიიღო. კერძოდ, ამ თანხით დაეფარება ელექტროენერგიის გადასახადი 8 ლარი; წყლის გადასახადი - 3 ლარი და ნაგვის გადასახადი მთლიანად.

მურჯიკნელი აცხადებს, რომ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი, ზამთრის თვეებისთვის კომუნალურ ვაუჩერს თვეში 106 ლარს ღებულობდა.

„პირველი ჯგუფის უსინათლო ვარ, მეუღლე ონკოლოგიური პაციენტია. ვართ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 53 ათასი ქულა გვაქვს. აქამდე კომუნალური ვაუჩერისთვის 106 ლარს ვღებულობდით. გუშინ მომივიდა შეტყობინება მობილურზე მხოლოდ 20 ლარის შესახებ. წყლის 3 ლარის დაფარვა, დენის - 8 ლარი და ნაგვის გადასახადი, მთლიანად გვიფარავენ. 106 ლარი რომ მქონდა თანხა, მაგას ბუნებრივი აირის გადასახადის დასაფარადაც ვიყენებდი და კმაყოფილი ვიყავით.

თვეში 200 ლარამდე წამალი გვჭირდება, ჩემს მეუღლეს - 100-მდე ლარის.

ამათ კიდევ შეგვიმცირეს რაც იყო და 20 ლარით რა უნდა გავაკეთო?! არც დენი უნდა ჩავრთო, არც გაზი და ზამთარში სიცივეში უნდა ვიყო“, - განაცხადა შალვა მურჯიკნელმა.

მისივე თქმით, თანხის შემცირების გამო არანაირი განმარტება არ მიუღია.

თბილისის საკრებულომ 8 ნოემბერს თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტს დაუჭირა მხარი. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილების შედეგად კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება 5 800 000 ლარით შემცირდა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა კი უარყო ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ კომუნალური სუბსიდიებისათვის წლევანდელ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არსებობს.